Alibaba ChatGPT-ის კონკურენტ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს

Alibaba ChatGPT-ის კონკურენტ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს

ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი Alibaba საკუთარი ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე მუშაობს. მან კონკურენცია OpenAI-ს მიერ წარმოდგენილ ChatGPT-ს უნდა გაუწიოს, რომელიც მოკლე პერიოდში გლობალურ სენსაციად იქცა.

კომპანიის დირექტორის, დანიელ ჟანგის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი Alibaba-ს ჰოლდინგის ყველა ციფრულ პროდუქტსა და სერვისში იქნება ინტეგრირებული და ის მნიშვნელოვნად გაამარტივებს მომხმარებლების ეფექტიანად მომსახურების პროცესს.

Alibaba-ს ხელოვნური ინტელექტის კოდური სახელწოდებაა Tongyi Qiawen-ი და მისი სატესტო ვერსია ამჟამად საკომუნიკაციო პლატფორმა DingTalk-შია ჩაშენებული. ზემოხსენებული სერვისი ჩინეთის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საკომუნიკაციო პლატფორმაა, რომელიც ძირითადად კორპორაციული კლიენტებისა და პროფესიონალების მიერ გამოიყენება.

საწყის ეტაპზე, ხელოვნური ინტელექტის დანიშნულება ელექტრონული შეტყობინებების სორტირება, ონლაინ-შეხვედრების შეჯამება და კორპორაციული მართვის გამარტივება იქნება.

Alibaba-ს წარმომადგენლობის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი მალე სრული ფუნქციონალით აღიჭურვება და ის ChatGPT-ს ღირსეულ კონკურენციას გაუწევს.