Alphabet-ის შემოსავლებმა და მოგებამ ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა

Alphabet-ის შემოსავლებმა და მოგებამ ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა

FactSet-ის მონაცემებით, 2025 წლის მეორე კვარტალში Google-ის მშობელი კომპანია Alphabet-ის მოგებამ აქციაზე $2.31 შეადგინა, ხოლო შემოსავალმა $96.4 მილიარდს მიაღწია. შედეგად, ამერიკული კომპანიის ფინანსურმა შედეგებმა, ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა, რომლებიც, შესაბამისად, აქციაზე $2.18-ის მოგებისა და $94 მილიარდის შემოსავლის მიღებას ვარაუდობდნენ.

მეორე კვარტალის შედეგებით, წლიურ ჭრილში, Alphabet-ის შემოსავლები – 14%-ით, ერთ აქციაზე მოგება კი 22%-ითაა გაზრდილი. კომპანიამ მხოლოდ Google Cloud-ის ბიზნესიდან $13.6 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც გასულ წელთან შედარებით 32%-იანი ზრდაა. ხოლო საძიებო სერვისების განყოფილების შემოსავალმა, $54.1 მილიარდით, ანალიტიკოსთა $54-მილიარდიან პროგნოზს მცირედით გადააჭარბა.

მიუხედავად მოსალოდნელზე კარგი ფინანსური შედეგებისა, ანალიტიკოსების ნაწილს, Alphabet-ის აქციებთან დაკავშირებით განსხვავებული პროგნოზები აქვს. ამის მიზეზად Google-ის მხრიდან ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევა სახელდება.

იუსტიციის დეპარტამენტმა Google-სგან Chrome-ის ბრაუზერის გაყიდვა და Android-ის მობილური ოპერაციული სისტემის საძიებო პლატფორმაზე რადიკალური ცვლილებების შეტანა მოითხოვა. თუმცა კომპანიამ დეპარტამენტის მოთხოვნა გააკრიტიკა და მას „ამერიკის გლობალური ტექნოლოგიური ლიდერობისთვის“ საზიანო უწოდა.

თებერვლიდან აპრილამდე მკვეთრი ვარდნის შემდგომი აღდგენიდან მოყოლებული, Alphabet-ის აქციების ღირებულება წლის განმავლობაში თითქმის უცვლელია. წლის მეორე კვარტალში კომპანიის აქციების ღირებულების ზრდაზე დადებითად რამდენიმე AI-პროდუქტის, მათ შორის Warby Parker-თან პარტნიორობით ჭკვიანი სათვალეების გამოშვებამ იმოქმედა. OpenAI-მ ამ თვის დასაწყისში Google-ი თავის მომწოდებელთა სიაშიც დაამატა, რადგან კომპანია რომ ChatGPT-სთვის Google-ის Cloud-ინფრასტრუქტურას იყენებდა.