სამშაბათს ჩატარებული ბრიფინგისას, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ „ამერიკა პუტინს ომს არ დაუფინანსებს“ და რუსეთიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ნავთობის იმპორტზე აკრძალვა დააწესა. რუსეთისა და მისი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ მიღებული სანქციების გამკაცრება უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის მოწოდებას მოჰყვა.
მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ბაიდენი აქამდე რუსულ ნავთობზე აკრძალვის დაწესებისგან თავს იკავებდა. არსებული მონაცემებით, აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასი გალონზე $4.17-ია, როცა ერთი წლის წინ $2.77 იყო. აშშ-ის ლიდერი ღიად საუბრობს იმ ხარჯზე, რომელიც ქვეყანას აღნიშნული აკრძალვის შემდგომ ელოდება.
გასულ წელს რუსული ნავთობი აშშ-ის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 2%-ს შეადგენდა. ეს შესაძლოა, არც ისე დიდ მონაცემად მოგეჩვენოთ, თუმცა დღეში 700.000 ბარელს მოიცავს. მის ჩასანაცვლებლად, აშშ-ის გადამმუშავებლები კანადიდან იმპორტს მიმართავენ, რასაც ემატება შეერთებული შტატების ტერიტორიაზევე სახმელეთო პროექტების ნელი ზრდა. გარდა ამისა, ბაიდენი OPEC-ს თვეების განმავლობაში მეტი ნავთობის მიწოდებისთვისაც მიმართავდა.
შაბათ-კვირას ადმინისტრაციის ოფიციალური პირები მოულოდნელად ვენესუელას ეწვივნენ, რომელსაც, თეთრი სახლის განცხადებით, „ენერგეტიკული უსაფრთხოების“ საკითხებზე გაესაუბრნენ. როგორც ჩანს, რუსეთის ჩამნაცვლებელ ერთ-ერთ ვარიანტად ვენესუელის ნედლ ნავთობზე შეზღუდვების შემსუბუქებაც განიხილება, რაც ტრამპის მიერ 2018 წლის ბოლოს მადუროს რეჟიმისთვის სანქციების დაწესებას მოჰყვა.
თუმცა, ცნობილი ვენესუელელი ეკონომისტი ხოსე ტორო ჰარდი მიიჩნევს, რომ ვენესუელის ალტერნატივა საკმარისი არ იქნება, რადგან მისი ნავთობის ინდუსტრია განადგურებულია. ჰარდის მოსაზრებით, ვენესუელას, წარმოების ძველ დონესთან დასაბრუნებლად, მომავალ 8 წელიწადში $250 მილიარდის ინვესტირება დასჭირდება. ოცდახუთი წლის წინ ეროვნული ნავთობკომპანია PDVSA დღეში 3 მილიონი ბარელის ექსპორტს ახორციელებდა, ამჟამად კი დღიურად მხოლოდ 668,000 ბარელის მოპოვება შეუძლია.
ვენესუელის ინდუსტრია განადგურებულია, ნიგერია ეცემა, საუდის არაბეთი ამბივალენტურია. OPEC-იც, პანდემიის შემდგომ ბაზარზე მიწოდების დაბრუნების გეგმას, უკანასკნელ თვეებში ჩამორჩა. შედეგად ჰორიზონტზე ნათელ წერტილად ExxonMobil-ის, Hess Corp-ისა და Cnooc-ის აღმოჩენები მოჩანს – გაიანის ოფშორულ წყლებში განვითარებული მოვლენები, რასაც 2019 წლის შემდგომ დღიურად 300.000-ზე მეტი ბარელის წარმოება მოჰყვება. ათწლეულის ბოლომდე ამ მაჩვენებლის გაორმაგება იგეგმება.
რაც შეეხება თიხაფიქლის ნავთობს, პანდემიისას ყველაზე ცუდ შემთხვევაში, აშშ-ის წარმოება დღიურად 9.7 მილიონ ბარელს უტოლდებოდა. ენერგეტიკული საკომუნიკაციო ადმინისტრაციის ანალიტიკოსები მიწოდების ძლიერი რეაქციის მოლოდინში არიან, რომელსაც მომავალ წელს აშშ-ის გამომუშავების 12.6 მილიონ ბარელამდე გაზრდა, შესაბამისად თითქმის პანდემიამდელ დონეზე დაბრუნება შეეძლება.
მნიშვნელოვანია, რომ Goldman Sachs-ის გუნდი ლოგისტიკურ შეზღუდვებს თვეების განმავლობაში ნაკადების გადანაწილების ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს. რადგან მიწოდების გრძელვადიანი რისკები საკმაოდ მაღალია, რეკომენდაცია 2023 წლამდე Brent-ის ნედლი ნავთობის ფიუჩერსების შეძენაა. თუმცა ნედლ ნავთობს შედარებით სკეპტიკურად ValueLine-ის მილიარდერი ინვესტორი ჯეფ გუნდლახი უყურებს, რომელმაც ამ ზაფხულისთვის სტაგფლაცია და ნავთობზე $200/ბარელზე იწინასწარმეტყველა. მისივე განცხადებით, ვენესუელასა და ირანში ალტერნატივების ძიება აშშ-ის მხრიდან აღიარებას ჰგავს, რომ სასურველი შემცვლელები თითქმის არ არსებობენ.
ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, თებერვლის ბოლოს, ისეთი გადამმუშავებლების მხრიდან ნებაყოფლობითი ემბარგოს ფონზე, როგორიც Valero Energy და Par Pacific-ი არიან, რუსული ნავთობის იმპორტი თითქმის ნულამდე დაეცა. ამერიკას ნავთობის მარაგი ერთ თვეზე მეტხანს ეყოფა, მილიონობით ბარელი კი ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოფა.
რუსულ ნავთობს კი შავი ბაზარი შესაძლოა ჩინეთში, ინდოეთსა და აზერბაიჯანში გაეხსნას, მაშინ, როდესაც ევროპაში მისი პირდაპირი მიღება შეწყდება. ხოლო ევროპაში მთავრობები რუსული ნავთობის აშკარა აკრძალვას დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ. როგორც თავად პრეზიდენტი ბაიდენიც აცხადებს, ამერიკა ევროპისგან განსხვავებით ნავთობის ექსპორტიორიცაა და ამ გადაწყვეტილების მიღება სხვებზე უფრო თავისუფლად შეუძლია.