Amazon-ი გაერთიანებულ სამეფოში $54 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

Amazon-ი გაერთიანებულ სამეფოში $54 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

ელექტრონული კომერციის ამერიკული გიგანტი Amazon-ი, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გაერთიანებულ სამეფოში დამატებით $54 მილიარდის ინვესტიციებს განახორციელებს. კომპანიის განცხადებით, დაფინანსება თანამედროვე სადისტრიბუციო ცენტრების მშენებლობას მოხმარდება და ქვეყანაში ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის.

გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გერმანიის შემდეგ, Amazon-ისთვის სიდიდით მესამე უმსხვილესი ბაზარია. 2024 წელს არჩეული ლეიბორისტული მთავრობა, რომელმაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის უცხოური ინვესტიციების ზრდა დაისახა პრიორიტეტად, Amazon-ის გადაწყვეტილებას ქვეყნის პოლიტიკის მიმართ ნდობის გამოხატულებად აფასებს.

ამერიკული კომერციული გიგანტის განცხადებით, უახლესი დაფინანსების ფარგლებში, აღმოსავლეთ მიდლენდსში, ცენტრალურ ინგლისში ორი ახალი, მოწინავე სადისტრიბუციო ცენტრი აშენდება, რომელთა გახსნაც 2027 წელს იგეგმება. აღნიშნულ გეგმას ემატება ჰალისა და ნორთჰემპტონის ობიექტები, რომლებიც შესაბამისად წელს და მომდევნო წელს გაიხსნება.

Amazon-ის ინფორმაციით, ჰალისა და ნორთჰემპტონის ობიექტებიდან თითოეული, ქვეყანაში დამატებით 2,000 სამუშაო ადგილს შექმნის. ამჟამად კომპანია გაერთიანებულ სამეფოში 75,000-მდე პირს ასაქმებს, რაც მას კერძო სექტორის ათ საუკეთესო დამსაქმებელს შორის აქცევს.

პარალელურად, ამერიკული კომპანია გაერთიანებულ სამეფოში ახალი მიწოდების ცენტრების შექმნას, 100-ზე მეტი არსებული ქსელის განახლებასა და გაფართოებას გეგმავს. ცნობისთვის, აღნიშნული $54-მილიარდიანი ინვესტიციიდან $10 მილიარდი Amazon-მა 2024 წლის სექტემბერში, ქვეყანაში Cloud-ცენტრების მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის გამოყო.