ამერიკული Amazon-ის Cloud-სერვისების განყოფილება, სამხრეთკორეელი მილიარდერის, ჩეი ტაე-ვონის SK Group-თან თანამშრომლობით, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრის მშენებლობას იწყებს. პროექტის ჯამური ღირებულება $5.1 მილიარდია და ის სამხრეთ კორეის ქალაქ ულსანში განხორციელდება.
სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამინისტროს განცხადებით, ახალი ობიექტის მშენებლობა 2025 წლის სექტემბერში დაიწყება და 2029 წლისთვის დასრულება. სრულად ამოქმედების შემდეგ, AI-ცენტრის სიმძლავრე 100 მეგავატს გადააჭარბებს. პროექტში Amazon Web Services-ის ინვესტიციის მოცულობა $4 მილიარდია.
კვირას გავრცელებულ დამოუკიდებელ განცხადებაში, SK Group-მა აღნიშნა, რომ ულსანის მონაცემთა ცენტრი ნახევარგამტარებისა და ტელეკომუნიკაციების კონგლომერატსა და AWS-ს შორის არსებული 15-წლიანი პარტნიორობის ნაწილია. SK Group-ის შეფასებით, ახალი პროექტი, სწრაფი ქსელებით, მოწინავე კომპიუტერული ჩიპებითა და ეფექტიანი ენერგეტიკული სისტემებით, სამხრეთ კორეაში ხელოვნური ინტელექტის განვითარების დაჩქარებას შეუწყობს ხელს.
SK Group-ი ერთ-ერთია იმ კორეულ კომპანიებს შორის, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტსა და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაში მასშტაბურ ინვესტიციებს ახორციელებენ. გასულ წელს, ჩეი ტაე-ვონის კონგლომერატმა 2026 წლისთვის, მაღალი გამტარუნარიანობის მეხსიერების (HBM) ჩიპებში $60 მილიარდამდე ინვესტიცია დააანონსა. HBM-ი ხელოვნური ინტელექტის ჩიპების, ასევე მონაცემთა ცენტრებისა და პერსონალიზებული AI-ასისტენტის სერვისების აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენს.