ჯეფ ბეზოსის მიერ დაფუძნებულმა კომპანია Amazon-მა ლეგენდარული კინოსტუდია Metro-Goldwyn-Mayer-ი (MGM) 8.45 მილიარდ აშშ დოლარად შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიის ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული გარიგებაა.
გარიგების პირობების თანახმად, Amazon-ი 1924 წელს დაარსებული MGM-ის მიერ 1986 წლის შემდეგ გადაღებულ დაახლოებით 4,000 ფილმზე, ასევე 17,000 სატელევიზიო ეპიზოდზე მიიღებს ფლობისა და განკარგვის ექსკლუზიურ უფლებას. რაც შეეხება 1985 წლამდე გადაღებულ ფილმებს, ისინი Warner Media-ს მფლობელობაში რჩება.
ექსპერტების შეფასებით, MGM-ის შეძენის მთავარი მიზანი Amazon-ის სტრიმინგ-სერვისი Prime-ის ფილმების ბიბლიოთეკის გამდიდრება და, შესაბამისად, მისი გამომწერების რაოდენობის გაზრდაა. კომპანიის მიერ სტრიმინგ-სერვისიდან მიღებული შემოსავალი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება. ცნობისთვის, 2020 წელს Prime-ის შემოსავალმა 25 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია.
Metro-Goldwyn-Mayer-ის მრავალფეროვანი შემოქმედება მოიცავს ისეთ ცნობილ კინოსურათებს, როგორებიცაა: “ჯეიმს ბონდი”, “როკი”, “ბენ-ჰური”, “კრავთა დუმილი”, “კოსმოსური ოდისეა” და სხვა.
მოსალოდნელია, რომ MGM-ის შეძენამ NETFLIX-თან და Disney Plus-თან შედარებით Amazon Prime-ის კონკურენტუნარიანობის შესაძლებლობები გაზარდოს. თავად კინოსტუდია კი Amazon-ისგან საგრძნობლად დიდ ბიუჯეტს და ტექნიკურ თუ მარკეტინგულ მხარდაჭერას მიიღებს. საგულისხმოა, რომ Amazon-ი მსოფლიოს რიგით მეხუთე უმსხვილესი კომპანიაა და მისი საბაზრო ღირებულება მოცემული დროისთვის 1.6 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის მიერ კინოსტუდიის შეძენას საფონდო ბირჟებზე ინვესტორების მხრიდან პოზიტიური შეფასება მოჰყვა. ამბის გავრცელებიდან რამდენიმე საათში Amazon-ის აქციების ფასი 2.7%-ით გაიზარდა.