Amazon MGM Studios-ი სემ ოლტმენისა და ილონ მასკის შესახებ ფილმს იღებს

Amazon MGM Studios-ი სემ ოლტმენისა და ილონ მასკის შესახებ ფილმს იღებს

Amazon MGM Studios-ი, რეჟისორ ლუკა გუადანინოსთან თანამშრომლობით, ახალ ფილმს სახელწოდებით, „ხელოვნური“ (Artificial) იღებს. კომედიურ-დრამატული ჟანრის ფილმი, რომელიც სავარაუდოდ მომავალ წელს გამოვა, მილიარდერ სემ ოლტმენის OpenAI-ის ხელმძღვანელობიდან რამდენიმედღიან დათხოვნას შეეხება.

გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის როლზე მოლაპარაკებები მსახიობ აიკ ბარინჰოლცთან მიმდინარეობს. ბარინჰოლცი ემის წლევანდელ ნომინანტ ფილმ, The Studio-ში მონაწილეობს. ენდრიუ გარფილდი კი OpenAI-ის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, სემ ოლტმენს, განასახიერებს, ხოლო მსახიობი იურა ბორისოვი – OpenAI-ის თანადამფუძნებელს, ილია სუცკევერს.

Amazon MGM Studios-ის ფილმში მოქმედება 2023 წლის ნოემბერში ვითარდება და OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან მილიარდერ სემ ოლტმენის გათავისუფლებისა და რამდენიმე დღეში ხელახლა დანიშვნის პერიოდს მოიცავს. როგორც აღვნიშნეთ, ფილმის რეჟისორი ლუკა გუადანინოა, რომელიც ცნობილი გახდა ფილმებით: „შენი სახელით მომმართე“ (Call me by your name) და „მეტოქეები“ (Challengers).

Puck-ის რეპორტიორის, მეთიუ ბელონის შეფასებით, მილიარდერები ახალ ფილმში მათი „განსახიერებით კმაყოფილნი არ დარჩებიან“. ბელონის ინფორმაციით, მასკი სცენარის ერთ მომენტში „დიქტატორად“ არის მოხსენიებული. მისივე თქმით, სცენარი იმ დროისთვის, როდესაც მან ნახა, მხოლოდ პროექტი იყო და შესაძლოა გადაღებისთვის დეტალები შეცვლილი იყოს. თუმცა თავდაპირველი გეგმით, მასკი ფილმის რამდენიმე ეპიზოდში ჩნდებოდა, ძირითადად ანტაგონისტური ან კომიკური მახასიათებლით.