ფოტო: Agence France-Presse/Getty Images
გამოძიების ფარგლებში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდის დანაშაულებებში Credit Suisse-ის ფარულ ჩართულობას იკვლევს, შვეიცარიულ ბანკში ნაცისტებთან შესაძლო კავშირის მქონე 890-მდე ანგარიში აღმოაჩინეს. ამის შესახებ, Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა და სენატის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა ჩაკ გრასლიმ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სენატორ გრასლის განცხადებით, აქამდე უცნობი ომისდროინდელი ანგარიშები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნაცისტების გასამხედროებულ ორგანიზაცია SS-სა და იარაღის მწარმოებელ გერმანულ კომპანიას ეკუთვნოდათ. ეს ორგანიზაციები ადოლფ ჰიტლერის მმართველობის პერიოდში ჰოლოკოსტის ხელშემწყობი ნაცისტური აპარატის ნაწილი იყო.
სენატის იურიდიულმა კომიტეტმა ამერიკელი იურისტის, ნილ ბაროფსკის გამოძიების ახალი დეტალები სამშაბათს მოისმინა. როგორც კომიტეტის წევრებს ბაროფსკიმ განუცხადა, ნაცისტური გერმანიის პერიოდში Credit Suisse-ი ებრაელი მოსახლეობისთვის ანგარიშებზე არსებული თანხების ჩამორთმევასა და ამ თანხების ნაცისტი კლიენტებისთვის გადარიცხვის ოპერაციებში მონაწილეობდა.
მისივე თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ Credit Suisse-ის საბანკო ურთიერთობები SS-თან გაცილებით მასშტაბური იყო, ვიდრე აქამდე გახდა ცნობილი. მათ შორის, შვეიცარიულ ბანკში SS-ის ეკონომიკურ განყოფილებას ანგარიშიც ჰქონდა გახსნილი.
ბაროფსკი Credit Suisse-ის ნაცისტური გერმანიის დროინდელი დანაშაულებების გამოსაძიებლად შვეიცარიაში დაფუძნებულმა საინვესტიციო ბანკმა UBS Group-მა დაიქირავა. შეგახსენებთ, Credit Suisse-ი თავისივე კონკურენტმა UBS Group-მა 2023 წელს, საგანგებო შესყიდვის გზით, $3.3 მილიარდად შეიძინა.
UBS-მა მიმდინარე გამოძიება ნებაყოფლობით ინიციატივად შეაფასა და ღრმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ნაცისტური პერიოდი შვეიცარიული საბანკო სექტორის ისტორიაში შავ ლაქად დარჩა. ამავდროულად, UBS-მაც და Credit Suisse-მაც ბოდიში მოიხადეს და 1999 წელს მიაღწიეს გლობალურ შეთანხმებას, რომელიც ნებისმიერი სასამართლო დავისა და სარჩელისთვის წერტილის დასმას ისახავდა მიზნად.















