ფოტო: marshac.co
ამერიკულმა Forbes-მა შემოსავლების მიხედვით აშშ-ის უმსხვილესი კერძო კომპანიების რეიტინგი გამოაქვეყნა. 2025 წლის დეკემბრის მონაცემების მიხედვით, ამერიკის ყველაზე დიდი კერძო კომპანია Cargill-ია, რომლის წლიური შემოსავალი 154 მილიარდ დოლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი ჩამორჩება Amazon-ის $717-მილიარდიან შემოსავალს, Cargill-ის გაყიდვები მაინც აღემატება არაერთი ცნობილი საჯარო კომპანიის ფინანსურ შედეგებს.
1865 წელს დაარსებული Cargill-ი დღემდე კერძო საკუთრებაშია. კომპანია მინესოტაშია დაფუძნებული და მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, მათ შორის მარცვლეულის, ხორცისა და პალმის ზეთის მიმართულებით.
კომპანიაში 150 000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, ხოლო მისი ოპერაციები 70 ქვეყანაზე ვრცელდება.
Cargill-ი აშშ-ის მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით მეოთხედს უზრუნველყოფს. ამასთან, კომპანია მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს ხორცპროდუქტების მწარმოებელს შორისაა და მასზე ამერიკაში წარმოებული ხორცის მეხუთედზე მეტი მოდის. 2026 წლის მდგომარეობით, კომპანიის 85%-ზე მეტ წილს კაგილ-მაკმილანის ოჯახი ფლობს.
რეიტინგში კვებისა და სასურსათო ბიზნესების უპირატესობა აშკარად იგრძნობა. ტოპ-15 კომპანიიდან მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ სექტორში ოპერირებს.
მათ შორისაა Mars-ი, რომლის წლიური შემოსავალი 55 მილიარდ დოლარს აღწევს. კომპანია ცნობილია ისეთი ბრენდებით, როგორებიცაა Snickers-ი, M&M’s-ი და Skittles-ი. გარდა ამისა, იგი შინაური ცხოველების საკვების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელიცაა.
უმსხვილეს კერძო კომპანიებს შორის შემოსავლით მოწინავე პოზიციებს იკავებენ ასევე Publix Super Markets-ი ($59.7 მილიარდი დოლარი), H-E-B Grocery Company ($49.6 მილიარდი), Reyes Holdings-ი ($44 მილიარდი), Southern Glazer’s Wine & Spirits-ი ($25 მილიარდი), Gordon Food Service-ი ($23 მილიარდი) და Meijer-ი ($22 მილიარდი).
| # | კომპანია | ინდუსტრია | წლიური შემოსავალი (მლრდ, $) |
|---|---|---|---|
| 1 | Cargill | კვება და სასმელი | 154 |
| 2 | Koch | დივერსიფიცირებული კონგლომერატი | 125 |
| 3 | Publix Super Markets | სასურსათო საცალო ვაჭრობა | 59.7 |
| 4 | Mars | კვება და სასმელი | 55 |
| 5 | H-E-B Grocery Company | სასურსათო საცალო ვაჭრობა | 49.6 |
| 6 | Reyes Holdings | საკვები, სასმელი და თამბაქო | 44 |
| 7 | Enterprise Mobility | სერვისები | 38 |
| 8 | Fidelity Investments | ფინანსური მომსახურება | 32.7 |
| 9 | Southern Glazer’s Wine & Spirits | საკვები, სასმელი და თამბაქო | 25 |
| 10 | Cox Enterprises | მედია | 23.5 |
| 11 | Bechtel | მშენებლობა | 23 |
| 12 | Gordon Food Service | საკვები, სასმელი და თამბაქო | 23 |
| 13 | JM Family Enterprises | სამომხმარებლო საქონელი | 22.8 |
| 14 | Meijer | სასურსათო საცალო ვაჭრობა | 22 |
| 15 | Love’s Travel Stops & Country Stores | ავტოგასამართი და მაღაზიების ქსელი | 21.6 |










