Forbes: ამერიკის უდიდესი ინოვატორები

Forbes: ამერიკის უდიდესი ინოვატორები

ფოტო: Aaron P. Bernstein/REUTERS

ამერიკულმა Forbes-მა აშშ-ის 250 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამერიკის უდიდესი ინოვატორების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში სიმბოლურად 250 ადამიანი მოხდვა, რომლებიც არა მხოლოდ გამომგონებლები, არამედ ბიზნესლიდერები არიან. მათ საკუთარ სფეროებში გარღვევები კომერციულ წარმატებად აქციეს.

რეიტინგის შედგენა რამდენიმე ეტაპად მოხდა: თავდაპირველად Forbes-ის რეპორტიორებმა 1,000-მდე კანდიდატი დაასახელეს. შემდეგ ისინი ჟიურიმ კრეატიულობის, მასშტაბის, ჩართულობის, ტრანსფორმაციული და კომერციული გავლენის მიხედვით შეაფასა. საბოლოო ეტაპზე შედეგები ხელოვნურ ინტელექტსაც (ChatGPT და Gemini) გადაამუშავებინეს, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილება Forbes-ის რედაქციამ მიიღო.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგში წარმოდგენილ პირთაგან ყველა მათგანი აშშ-ის მოქალაქეა, თუმცა ბევრს იმიგრანტული ფესვები აქვს, რაც, გამოცემის განცხადებით, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის ისტორიულ როლს, როგორც შესაძლებლობების სივრცეს. გარდა ამისა, სიაში მხოლოდ ცოცხალი ინოვატორები არიან.

ამერიკის ტოპ-10 ინოვატორი

#1 ილონ მასკი (ასაკი: 54)
Tesla, SpaceX, Neuralink, xAI, The Boring Company – მასკი ისტორიაში ერთადერთი ადამიანია, რომელმაც ხუთ სხვადასხვა ინდუსტრიაში (ელექტრომობილებიდან კოსმოსურ ინდუსტრიამდე) მულტიმილიარდიანი კომპანიები შექმნა ან გარდაქმნა.

#2 ჯეფ ბეზოსი (61)
Amazon-ით აშშ-ის საცალო ვაჭრობის $7.4-ტრილიონი ინდუსტრია ძირეულად შეცვალა, AWS-ით კი ქლაუდგამოთვლების ეპოქა დააჩქარა. ამჟამად ის Blue Origin-ის მეშვეობით კოსმოსურ პროექტებზე მუშაობს და NASA-ს მთვარეზე დაბრუნებაში ეხმარება.

#3 ბილ გეიტსი (70)
Microsoft-ის თანადამფუძნებელმა პერსონალური კომპიუტერების რევოლუციას ჩაუყარა საფუძველი. მოგვიანებით ფილანტროპიაში გადაერთო და ჯანდაცვის გლობალურ პროექტებში, მათ შორის პოლიომიელიტის აღმოფხვრაში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

#4 ჯორჯ ლუკასი (81)
თანამედროვე ბლოკბასტერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. Star Wars-ის ფრენჩაიზით არა მხოლოდ კინოწარმოება, არამედ მერჩენდაიზინგის მოდელიც გარდაქმნა. Industrial Light & Magic-მა სპეციალური ეფექტების ინდუსტრიას ახალი სტანდარტი დაუდგინა.

#5 ჯენსენ ჰუანგი (62)
Nvidia-ს ხელმძღვანელმა გრაფიკული ჩიპების ნიშური ბიზნესი ხელოვნური ინტელექტის ეკონომიკის ბირთვად აქცია. პარალელურ გამოთვლებზე ადრეულმა ფსონმა კომპანია ტრილიონდოლარიან მოთამაშედ აქცია.

#6 სემ ოლტმენი (40)
OpenAI-ის ხელმძღვანელი და თანამედროვე AI-ეკოსისტემის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, რომელმაც ხელოვნური ინტელექტი მასობრივ პროდუქტად აქცია.

#7 ფილ ნაიტი (87)
Nike-ის თანადამფუძნებელმა სპორტული ფეხსაცმლის დიზაინი და წარმოება შეცვალა, თუმცა მისი მთავარი ინოვაცია გლობალური მარკეტინგის მანქანის შექმნაა.

#8 მარტინ როთბლატი (71)
SiriusXM-ის შემქმნელი. მოგვიანებით დააფუძნა United Therapeutics – ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ინოვაციურ სამკურნალო პრეპარატებსა და გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანოებზე მუშაობს.

#9 ტედ ტერნერი (87)
საკაბელო ტელევიზიის „სუპერსადგურის“ იდეიდან 24-საათიან საინფორმაციო ციკლამდე – CNN-ით მან მედიის ეკოსისტემა შეცვალა.

#10 ვინოდ ხოსლა (70)
Sun Microsystems-ის თანადამფუძნებელი და ლეგენდარული ვენჩურული ინვესტორი, რომელმაც ფსონი დადო ისეთ კომპანიებზე, როგორებიცაა Square-ი, DoorDash-ი და OpenAI.