ფოტო: Getty Images
Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკულმა კერძო საინვესტიციო კომპანია Carlyle Group-მა რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობკომპანიის, Lukoil-ის, უცხოური აქტივების შესყიდვაზე საწყისი გარიგება შეათანხმა. საუბარია $22 მილიარდის ღირებულების უცხოურ აქტივებზე, რომელთა გასასხვისებლადაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა Lukoil-ს ვადა 28 თებერვლამდე მისცა.
Lukoil-ის ჯგუფის უცხოურ აქტივებს, რომლებიც 2024 წლის ფინანსურ ანგარიშში $22 მილიარდადაა შეფასებული, ვენაში დაფუძნებული Lukoil International GmbH-ი აკონტროლებდა. მისი აქტივები მოიცავს ოპერაციებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ცენტრალურ აზიასა და მექსიკაში. თუმცა Carlyle-თან მიღწეული შეთანხმება არ მოიცავს ყაზახეთში არსებულ Lukoil-ის აქტივებს, რომელთა შეძენის სურვილი ყაზახეთის მთავრობამ გამოთქვა. ყაზახური მხარის ინფორმაციით, მათ აშშ-ის ხელისუფლებას Lukoil-ის აქტივების შეძენაზე ოფიციალური შეთავაზებით უკვე მიმართეს.
ამერიკული Carlyle-ის განცხადებით, LUKOIL International-ის მიმართ მათი პოლიტიკა ოპერაციული უწყვეტობის უზრუნველყოფას, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და აქტივების ბაზის სტაბილიზაციას ითვალისწინებს. ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ რა ფასად შეიძენს Carlyle -ი რუსული ნავთობკომპანიის უცხოურ აქტივებს, თუმცა როგორც საკითხთან დაახლოებულმა პირებმა Reuters-თან განაცხადეს, გარიგების ღირებულებაზე მოლაპარაკებების პროცესი არ დასრულებულა.
Lukoil-ის უცხოური აქტივების გასხვისებაზე პირდაპირი კომენტარისგან თავი შეიკავა კრემლმა, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები უკანონოა. მეორე მხრივ, აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) აცხადებს, რომ გაყიდვიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი უნდა დაიბლოკოს და აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ მყოფ ანგარიშზე განთავსდეს მანამ, სანამ Lukoil-ს სანქციები არ მოეხსნება.
რუსეთს, რომელიც გლობალური ნავთობის დაახლოებით 10%-ს აწარმოებს, სანქციები 2022 წელს, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ აქვს დაწესებული. ოქტომბერში სანქციები გაფართოვდა რუსეთის უმსხვილეს ნავთობმწარმოებელ Rosneft-სა და Lukoil-ზე, რაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი ძალისხმევის ნაწილია — გააძლიეროს ზეწოლა მოსკოვზე და ომის დასრულების მოლაპარაკებებზე დაითანხმოს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, Lukoil-ის უცხოური აქტივების შეძენის ინტერესი რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ გამოთქვა. მათ შორის იყვნენ Exxon Mobil-ი, Chevron-ი, აბუ-დაბიში დაფუძნებული კონგლომერატი IHC და საუდის არაბეთის Midad Energy. მოლაპარაკებების პროცესს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი კურირებს და შეთანხმებების გაფორმებისთვისაც მისი თანხმობაა საჭირო.












