ამერიკული ხარისხი ქართული სილამაზის ინდუსტრიისთვის

ამერიკული ხარისხი ქართული სილამაზის ინდუსტრიისთვის

ლათინელ-ამერიკელი ანტრეპრენიორის, ქეროლინ არონსონის ბრენდი It’s a 10 თმის მოვლის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია და მისი პროდუქცია მსოფლიოს 117 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ქართველი მომხმარებლისთვის მის მიწოდებაზე ზრუნავს ადგილობრივი კომპანია Power and Beaty, რომლის დამფუძნებელ დავით ჭედიასა და საქართველოში ვიზიტით მყოფ ქეროლინ არონსონს მათ პარტნიორობაზე, გეგმებსა და სხვა დეტალებზე Forbes Georgia ესაუბრა.

ქეროლინ, It’s a 10 მხოლოდ ერთი პროდუქტით დაიწყეთ, დღეს კი კომპანია საერთაშორისოდ ცნობილი სახელია. როგორ დაიწყო თქვენი მოგზაურობა ამ სფეროში და რა გავლენა მოახდინა სტილისტად მუშაობის გამოცდილებამ ბრენდის ხედვაზე?

ბრენდის დაფუძნება განაპირობა თმის სტილისტად მუშაობის 18-წლიანმა გამოცდილებამ და იმედგაცრუებამ იმ პროდუქციით, რომელსაც ვიყენებდი. მინდოდა, შემექმნა მარტივად გამოსაყენებელი პროდუქტები, რომლებიც მოლოდინს გაამართლებდა და პროფესიონალური ხარისხის იქნებოდა. თმის მოვლის ინდუსტრია ძალიან მრავალფეროვანია და ხშირია პროდუქტები, რომლებიც ისე არ მუშაობს, როგორც უნდა მუშაობდეს. ეს პრობლემა აქვთ თმის სტილისტებსაც. მთავარი, რაც მინდოდა, ამ მოცემულობის შეცვლა იყო.

ამ ინდუსტრიაში მაღალი კონკურენციაა, განსაკუთრებით, ისეთ ბაზარზე, როგორიც აშშ-ია. რა არის It’s a 10-ის ნიში, რითაც გლობალურ ბაზარზე ერთგულ მომხმარებლებს ინარჩუნებს?

ჩვენს თმის მოვლის საშუალებებს ნამდვილად აქვს დადებითი ეფექტი და სწორედ ამით ავწიეთ სტანდარტი. თუ პროდუქტი სრულყოფილი არაა, მას არც გამოვუშვებ. ბრენდის მიზანი იყო ის, რომ კოლექციაში ყველა პროდუქტს უნდა დაეკმაყოფილებინა მომხმარებლის საჭიროებები, განსხვავებით ზოგიერთი ბრენდისგან, რომლებიც მხოლოდ ერთ ან ორ პროდუქტს გამოარჩევენ.

გარდა ამისა, ჩვენი შეფუთვა მარტივად აღქმადია, ნათელი ფერებითა და მკაფიოდ გამოყოფილი 10 ბენეფიტით. გამორჩეულობაში გამჭვირვალობა გვეხმარება. გარდა ამისა, გვაქვს უნიკალური მარკეტინგული სტრატეგიები, მაგალითად, სტილისტებისთვის პროდუქციის უფასოდ მიწოდება შემოწმების მიზნით. როდესაც მათ ჩვენი Miracle Leave-In-ის სპრეი გამოცადეს, ის მათი საქმიანობის განუყოფელ ატრიბუტად იქცა და დღეს, მხოლოდ ამერიკაში, 10 მილიონზე მეტი ერთეული იყიდება.

როგორ ახერხებთ, რომ არ ჩამორჩეთ თანამედროვე ტრენდებს და იყოთ ინოვაციურები სწრაფად განვითარებად ბაზარზე?

ინოვაცია ჩემთვის ყველაზე სახალისო რამაა. ჯერ კიდევ თმის სტილისტად მუშაობისას ყოველთვის კრეატიული გადაწყვეტების ძიებაში ვიყავი. ვიყენებთ ნატურალურ ინგრედიენტებს და მათ სხვადასხვა ვარიაციას. მაგალითად, თმის მოცულობისთვის ვიყენებთ კარამელის ექსტრაქტს, ბზინვარებისთვის კი ნონის ზეთს. მიყვარს კოლექციების შექმნა და მათში სიახლეების შეტანა. ეს ჩემი ცხოვრების წესია.

It’s a 10-მა სახელი გაითქვა მულტიფუნქციური პროდუქტებით, მათ შორის, Miracle Leavie-In-ის სპრეით, რომელიც სხვადასხვა ტიპის თმისთვისაა განკუთვნილი. მომხმარებელთა რომელ მოთხოვნილებებს ითვალისწინებთ ახალ პროდუქტებზე მუშაობისას?

Miracle Leave-In-ის სპრეი ჩვენი ყველა კოლექციის საფუძველია. ყოველი მათგანი თმასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ პრობლემას აგვარებს და სწორედ ამ საჭიროებებს ეფუძნება ჩვენი პროდუქციის ხაზები – შამპუნები, ბალზამები, ნიღბები და სხვ. რაც მთავარია, მარტივად გასარკვევია, თუ რომელი პროდუქტი რა პრობლემას აგვარებს.

რამდენ ქვეყანაშია ამჟამად It’s a 10-ის პროდუქცია ხელმისაწვდომი?

უკვე 117 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი. საერთაშორისო ბაზრის ათვისება 2020 წელს დავიწყეთ, რამდენიმე წლის შემდეგ, რაც კომპანიის სრული მფლობელი გავხდი. ვიცოდი, რომ ჩვენს პროდუქციას დიდი პოტენციალი ჰქონდა და სწორედ ამიტომ დავიწყე გლობალური ბაზრისთვის მისი მიწოდება.

წარმატებულ ანტრეპრენიორობამდე იყო წარუმატებელი წამოწყება LINQ-ი. რა გასწავლათ ამ გამოცდილებამ და რა გავლენა მოახდინა სამომავლოდ It’s a 10-ის განვითარებაზე?

ჩემმა პირველმა წამოწყებამ, LINQ-მ მიმახვედრა, რომ ყველაფრის დამოუკიდებლად გაძღოლა შეუძლებელია. ვცდილობდით, ყველაფერი ჩვენით გაგვეკეთებინა, იქნებოდა ეს ინგრედიენტების მიწოდება თუ წარმოება, რამაც ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით ხარვეზები წარმოშვა. შესაბამისად, დავრწმუნდი, რომ ერთი ჭერის ქვეშ სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელთან მუშაობა აუცილებელია – ასე შეცდომაც ნაკლებია და პროცესიც უფრო ეფექტიანი.

საქართველოში კომპანია Power and Beauty-სთან პარტნიორობთ. რატომ დაინტერესდით საქართველოს ბაზრით და რა შესაძლებლობებს გთავაზობთ ის?

შესაძლოა, საქართველო არაა ყველაზე დიდი ბაზარი, მაგრამ ესაა ქვეყანა შესანიშნავი კულტურითა და ხალხით. It’s a 10-ის საქართველოში შემოტანა საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი ტრანსფორმაციული პროდუქტები ახალ აუდიტორიას გავაცნოთ.

დავით ჭედია და ქეროლინ არონსონი

ახლახან Forbes-ის 50 Over 50-ის სიაში დაგასახელეს. რა მნიშვნელობა აქვს ამ აღიარებას თქვენთვის და რა გზავნილის მიწოდება გსურთ ანტრეპრენიორი ქალებისთვის?

ინდუსტრიაში, სადაც მთავარი როლი კაცებს აქვთ, ქალისთვის, განსაკუთრებით, ლათინელ-ამერიკელისთვის, ეს აღიარება ბევრს ნიშნავს. 50 წელიწადი დამჭირდა იმისთვის, რომ ვინმეს შევემჩნიე და მინდა, სხვა ქალებისთვისაც მაგალითი ვიყო, რათა მათ საკუთარ მიზნებს მიაღწიონ. წარმატება ერთ დღეში არ მოდის, მაგრამ მიზანზე ფოკუსირება და ოცნების ერთგულება დაბრკოლებების დაძლევის საწინდარია.

რა არის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტი?

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია, რომ არ მიაქციო ყურადღება მათ, ვისაც შენში ეჭვი შეაქვს. თუ ანტრეპრენიორი ხარ, გამოწვევები აუცილებლად გექნება, მაგრამ ამან არ უნდა გაგაჩეროს. ბევრი ადამიანი ნებდება, როდესაც გზაზე დაბრკოლებები ხვდება, მაგრამ მათ მიმართ შეუვალი უნდა იყო.

როგორ ხედავთ ინდუსტრიის მომავალს და რა როლი ექნება It’s a 10-ს ამ ინდუსტრიაში? როგორია თქვენი სამომავლო გეგმები ბრენდთან დაკავშირებით?

ტექნოლოგია, განსაკუთრებით კი ხელოვნური ინტელექტი (AI) ჩვენს ინდუსტრიას მნიშვნელოვნად ავითარებს და ეს ძალიან მომწონს. ის გვეხმარება მომხმარებელთან ურთიერთობაში, უკეთესი კონტენტის შექმნასა და ინგრედიენტების უკეთესად შესწავლაშიც კი. AI-ის შესაძლებლობები უსაზღვროა.

მიყვარს შემოქმედებითი პროცესი, ამიტომაც მაკიაჟისა და თმის მოვლის ხელსაწყოების მიმართულებით გაფართოება მხოლოდ დასაწყისია. დავიწყეთ მამაკაცის წვერისა და თმის ღებვის ხაზის წარმოებაც, 2025 წლისთვის კი კიდევ უფრო დიდი გეგმები გვაქვს. ჩართული ვარ უძრავი ქონების ბიზნესში და მაქვს ხმის ჩამწერი სტუდიაც. როდესაც ანტრეპრენიორობის გზას ადგები, ყველაფერი შესაძლებლობად იქცევა.

დავით, თქვენ როდის და რატომ დაიწყეთ ეს საქმიანობა? რა იყო ის, რამაც  ამ ინდუსტრიით თქვენი დაინტერესება გამოიწვია?

ეს საქმე 16 წლის წინ დავიწყეთ. იდეა იყო ძალიან მარტივი, რომ გვქონოდა დამოუკიდებელი შემოსავალი. შემდეგ, რაც უფრო სიღრმეებში ჩავიხედე, აღმოჩნდა, რომ თმის, კანის, ფრჩხილის მოვლა და მთლიანად ეს სფერო ძალიან საინტერესოა. ეს ყველაფერი ადამიანის იდენტობის ნაწილია და რაც უფრო მეტს იგებ, აღმოაჩენ, რომ ბევრი საინტერესო რამ ხდება.

რამდენ ბრენდს წარმოადგენთ საქართველოს ბაზარზე? რა კრიტერიუმების მიხედვით თანამშრომლობთ მათთან?

დღეს ჩვენი სადისტრიბუციო კომპანია და ონლაინმაღაზია Profbeauty 20-ზე მეტ ბრენდს წარმოადგენს. მათთან მუშაობისას ჩვენი მთავარი კრიტერიუმი არის ხარისხი და ბრენდის მნიშვნელობა საერთაშორისო ბაზრებზე. It’s a 10-ის შემთხვევაში, გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ის ამერიკაში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდია თმის მოვლის ინდუსტრიაში. რაც ამერიკასა და ევროპაში პოპულარულია, ის საქართველოშიც პოპულარულია.

ხომ არ გეგმავთ ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას? გარდა ამისა, რომელ ქვეყნებში გაგაქვთ პროდუქცია?

ჩვენ არ ვჩერდებით და ბოლო პერიოდში კიდევ ორი ბრენდი დავიმატეთ პორტფოლიოში. ესენია კანის მოვლის პრემიუმ-მიმართულებები, 111SKIN-ი და Sothys-ი. ერთი არის გაერთიანებული სამეფოდან, მეორე კი საფრანგეთიდან.

საქართველოს გარდა, პროდუქცია გაგვაქვს სომხეთში, აზერბაიჯანში, ზოგიერთი ბრენდი კი მთელ კავკასიაში. სომხეთსა და აზერბაიჯანში პარტნიორები უკვე გვყავს, თუმცა ეს ბიზნესი სპეციფიკურია იმით, რომ სწორი პარტნიორი და პოტენციური მომხმარებელი სელექციურად უნდა შეარჩიო.

ახსენეთ, რომ ეს ბიზნესი სპეციფიკურია. რა გამოწვევების გადალახვა მოგიწიათ საწყის ეტაპზე და რა მდგომარეობაა დღეს ბაზარზე?

2009 წელს, როდესაც ვიწყებდით, ძალიან რთული იყო მომხმარებლისთვის იმის ახსნა, თუ რატომ უნდა გადაეხადა 30 ლარი კონკრეტულ პროდუქციაში, როდესაც შესაძლებელი იყო, რომ 3 ლარად შეეძინა პროდუქცია ზოგიერთ ქვეყანაში. ვუხსნიდით, რომ იაფიანი, უხარისხო პროდუქტი შეიცავს მავნე ნივთიერებებს და ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ფაქტობრივად, ქვეყანასა და მომხმარებელთან ერთად განვვითარდით. დღეს ქვეყანაში საკმაოდ კონკურენტული ბაზარია, ბევრი იმპორტიორია და იმედი მაქვს, რომ ყველა ისევე იხდის გადასახადს, როგორც ჩვენ.

რა მიმართულებით აპირებს Power and Beauty განვითარებას?

როგორც უკვე აღვნიშნე, გაჩერებას არ ვაპირებთ და არ გვაქვს შეზღუდული განვითარების არეალი. თუ ბიზნესშესაძლებლობები იარსებებს, ნებისმიერ სფეროს ავითვისებთ.