ამერიკულმა Forbes-მა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სტატია გამოაქვეყნა

ამერიკულმა Forbes-მა 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სტატია გამოაქვეყნა

ამერიკულმა Forbes-მა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც გამოცემის ჟურნალისტი 15 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს. ამჟამად Forbes-ის ჟურნალისტი მელიქ კეილენი 2008 წლის აგვისტოში საქართველოში იმყოფებოდა და ომის მოვლენებს Wall Street Journal-ისთვის ადგილიდან აშუქებდა.

ჟურნალისტი კიდევ ერთხელ, თავადაც ადასტურებს, რომ 2008 წელს არავის სჯეროდა, რუსეთი საქართველოში თუ შეიჭრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ამის ნიშნები 2007 და ადრეულ წლებშიც არსებობდა, დასავლურ თანამეგობრობას რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის კეთილგონივრულობის იმედი მაინც გააჩნდა.

მელიქ კეილენი იმ პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, საგარეო საქმეთა მინისტრ კონდოლიზა რაისის როლზეც საუბრობს. აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის  მიერ 2005 წელს მოსკოვში ვიზიტისას პუტინმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტსა და მის პოლიტიკურ ლეგიტიმაციაზე პირველი მინიშნება გააკეთა, როდესაც კონდოლიზა რაისს უთხრა, რომ სააკაშვილი აშშ-ის მარიონეტი გახლდათ. მიუხედავად ამისა – ამოწმებს ჟურნალისტი – კონდოლიზა რაისი ბოლო წუთამდე არწმუნებდა მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს მთავრობის წევრებს, რომ პუტინი საქართველოში არ შეიჭრებოდა, რადგან მის მუქარას სერიოზულად არ აღიქვამდა. თუმცა, ჟურნალისტი არ წერს იმის შესახებ, რომ სწორედ კონდოლიზა რაისმა გაასაჯაროვა ომის პერიოდში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ მასთან სატელეფონო საუბარში წარმოთქმული მიზანი სააკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, რაც ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის აშკარა მცდელობა და სურვილი გახლდათ.

მელიქ კეილენი კონფლიქტის ზონაში ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ შევიდა მძღოლთან და ორ ადგილობრივთან ერთად. ჟურნალისტი განმარტავს, რომ მუშაობა დღისით უხდებოდა, ღამით კი თავშესაფარს ეძებდა. ის იხსენებს ინტერვიუს რუსული სატანკო ბატალიონის მეთაურთან, სადაც რუსი სამხედრო განუმარტავს, რომ მათი საქართველოში ყოფნის მიზეზი მოსახლეობის დაცვა იყო.

ჟურნალისტი იხსენებს გორში, იოსებ სტალინის მუზეუმში ვიზიტსაც, რომელიც ომის დაწყების შემდეგ დაცარიელდა – ადგილზე კი მხოლოდ დირექტორი, მოხუცი ქალბატონი დარჩა. რუსი სამხედროები გორში შესვლის შემდეგ, ამ ქალბატონს სტალინის მუზეუმში დარჩენისთვის მადლობას უხდიდნენ, გარეთ გამოსულები კი საქართველოს დროშებს ესროდნენ.

მელიქ კეილენი ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტსა და პუტინის საქართველოში შეჭრას შორის კავშირზეც საუბრობს. იგი იხსენებს ჯორჯ ბუშის 2005 წელს თბილისში ვიზიტსაც, როდესაც მან ქართველ საზოგადოებას საჯაროდ მიმართა.