დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფება. თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებით, საუდის არაბეთი შეერთებულ შტატებში $600 მილიარდის ინვესტიციებს განახორციელებს. განცხადების ფარგლებში, ინვესტიციების საწყის ეტაპზე ენერგეტიკული უსაფრთხოება, თავდაცვის ინდუსტრია, ტექნოლოგიური პროექტები და კრიტიკულ მინერალებზე წვდომა გაძლიერდება.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ქვეყნებს შორის მიღწეულ გარიგებებს ისტორიული და ტრანსფორმაციული ხასიათი აქვს და აშშ-სა და საუდის არაბეთის პარტნიორობის ახალ, ოქროს ეპოქას უყრის საფუძველს. ტრამპის ადმინისტრაციის ცნობითვე, ქვეყნებს შორის მიღწეულ შეთანხმებებს შორისაა აშშ-ში, საუდის არაბეთის DataVolt-ის $20-მილიარდიანი საინვესტიციო გეგმა, ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრებისა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.
გარდა ამისა, ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა Google, DataVolt-ი, Oracle, Salesforce-ი AMD და Uber-ი ორივე ქვეყნის ტრანსფორმაციულ ტექნოლოგიებში $80 მილიარდის ინვესტირების ვალდებულებას იღებენ.
Reuters-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთში მიღწეულ უმსხვილეს გარიგებებს შორისაა Nvidia-სთან პარტნიორობა, რომლის ფარგლებშიც კომპანია საუდის არაბეთში გასაყიდად ხელოვნური ინტელექტის ასიათასობით ჩიპს გაიტანს. გარდა ამისა, Blackwell-ის ჩიპების პირველი ტრანში, 18,000 ერთეული, საუდის არაბეთის სუვერენული ფონდის საკუთრებაში არსებულ ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Humain-ს გადაეცემა. Humain-თან $10-მილიარდიანი თანამშრომლობა დააანონსა ნახევარგამტარების მწარმოებელმა კომპანია Advanced Micro Devices-მა (AMD) და Qualcomm-მაც.