Amgen-ი Horizon Therapeutics-ს $27.8 მილიარდად შეიძენს

Amgen-ი Horizon Therapeutics-ს $27.8 მილიარდად შეიძენს

ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია Amgen-ის განცხადებით, Horizon Therapeutics-ს 27.8 მილიარდ აშშ დოლარად შეიძენს, რაც მიმდინარე წელს ჯანდაცვის სფეროში უდიდესი გარიგება იქნება.

გარიგების პირობების მიხედვით, რომელთან დაკავშირებით ინფორმაცია პირველად The Wall Street Journal-მა გაავრცელა, Amgen-ი Horizon Therapeutics-ის თითო აქციაში $116.50-ს გადაიხდის, რაც 19.7%-ით აღემატება პარასკევს, ბირჟის დახურვისას დაფიქსირებულ ფასს –  $97.29-ს.

ძვირად ღირებული შეთანხმებით, Amgen-ის პორტფოლიოში ორი მნიშვნელოვანი მედიკამენტი მოხვდება. ესენია: თვალის დაავადების სამკურნალო Tepezza და ანთებითი ართრიტის ერთ-ერთი ფორმის სამკურნალო Krystexxa.

Amgen-ი იმედოვნებს, რომ მის ართრიტის წამალ Enbrel-თან დაკავშირებით მზარდი კონკურენციის ფონზე, ზემოხსენებული მედიკამენტები კომპანიის დასაყრდენად იქცევიან. გარდა ამისა, ეს პრეპარატები Amgen-ის პორტფოლიოში არსებული სხვა საკვანძო მედიკამენტების ჩანაცვლებას შეძლებენ, მაგალითად, როგორიცაა ფსორიაზის თერაპია Otezla, რომლის პატენტსაც კომპანია რამდენიმე წელიწადში დაკარგავს.

ცნობისთვის, Amgen-ის Enbrel-ის გაყიდვები ბოლო კვარტალში 14%-ით შემცირდა და 1.1 მილიარდ დოლარს მიაღწია. რაც შეეხება Horizon Therapeutics-ის მედიკამენტებს: 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, Tepezza-ს გაყიდვები გაორმაგდა და 1.66 მილიარდ დოლარს მიაღწია – 2028 წლისთვის ამ მაჩვენებლის $3.85 მილიარდამდე გაზრდაა მოსალოდნელი; ხოლო Krystexxa-ს გაყიდვებმა გასულ წელს $565.5 მილიონი შეადგინა – 2028 წლისთვის მაჩვენებლის $1.36 მილიარდამდე ზრდაა პროგნოზირებული.

Amgen-ის განცხადებით, Horizon Therapeutics-თან გარიგება, სავარაუდოდ, მომავალი წლის პირველ ნახევარში დაიხურება, ფინანსური სარგებლის მიღებას კი, ამერიკული კომპანია უკვე 2024 წლიდან ელის.