ამცირებს თუ არა წითელი ღვინის ყოველდღიური მოხმარება დეპრესიის რისკს?

ამცირებს თუ არა წითელი ღვინის ყოველდღიური მოხმარება დეპრესიის რისკს?

(სტატია გამოქვეყნებულია Forbes Life Georgiaის თებერვლის ნომერში)

BMC Medicine-ის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ დაადგინა, რომ 55 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანები, რომლებიც მცირე დოზით იღებენ ალკოჰოლს  – ანუ დღეში საშუალოდ დაახლოებით ერთ ჭიქას – ძირითადად ღვინოს, ნაკლებად არიან მიდრეკილი კლინიკური დეპრესიისადმი იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ალკოჰოლს დიდი რაოდენობით მოიხმარენ ან რომლებიც საერთოდ არ ეკარებიან მას. ამ კვლევის შედეგი რადიკალურად ეწინააღმდეგება მანამდე ჩატარებულ უამრავ კვლევას, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ:  სასმელი ასოცირდება დეპრესიის მაღალ რისკთან. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ობიექტური მიზეზები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ღვინო სასარგებლო სასმელად ჩავთვალოთ, დეპრესიის პრევენციის თვალსაზრისით, სანამ მის სმას ჩვევად გაიხდიდეთ(თუ ჯერ არ გაქვთ ასეთი ჩვევა),  მნიშვნელოვანია,  გაიაზროთ მისი არა მარტო სასარგებლო მხარეები, არამედ მასთან დაკავშირებული საფრთხეებიც.

ამ კვლევისას მეცნიერები დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ  55-დან 80 წლამდე ასაკის 5000 ესპანელ მამაკაცსა და ქალს, იკვლევდნენ რა მათი ცხოვრების წესსა და ჩვევებსკითხვარებისა და ექიმთან ვიზიტისას დასმული შეკითხვების საშუალებით.  კვლევის დასაწყისში არც ერთ მათგანს არ აწუხებდა დეპრესია ან ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული აშლილობა, შვიდი წლის თავზე კი დაახლოებით 443 ადამიანს დეპრესია ჰქონდა.

აღმოჩნდა, რომ ის ადამიანები, რომელთა მიერ ალკოჰოლის მოხმარების დონე დაბალიდან საშუალომდე მერყეობდა, ნაკლებად იდგნენ დეპრესიის საშიშროების წინაშე: ადამიანებს, რომლებიც სვამდნენ კვირაში ორიდან შვიდ ჭიქამდე ღვინოს, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად გაუმართლათ, რადგან მათი დეპრესიით დაავადების რისკი ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც მათი, ვინც საერთოდ არ მოიხმარდა ალკოჰოლს. ის ადამიანები, რომლებიც საშუალო დოზით იღებდნენ ალკოჰოლს, ასევე შედარებით ნაკლებად  ექვემდებარებოდნენ რისკს, მაგრამ ეს ჯგუფი არ იყო ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორიც პირველი. შედეგები არ შეცვლილა მას შემდეგაც კი, რაც გამოიკვლიეს ამ ადამიანების ცხოვრების სტილის სხვადასხვა ფაქტორი -როგორიცაა, მაგალითად, თამბაქოს მოწევა, ოჯახური მდგომარეობა, ასაკი, ფიზიკური აქტივობის დონე და კვების რაციონი -, რომლებსაც შეუძლია იმოქმედოს დეპრესიის რისკ-ფაქტორზე. ალკოჰოლის დიდი დოზით მომხმარებელთა ჯგუფი დეპრესიის მაღალი  რისკ-ფაქტორით ხასიათდებოდა, თუმცა კვლევაში მონაწილე ასეთი ადამიანების რიცხვი ძალიან მცირეა ამის დარწმუნებით მტკიცებისათვის.

თუ კავშირი ღვინის სმასა და დეპრესიას შორის ნამდვილად არსებობს, ამ შედეგების ამხსნელი ერთ-ერთი არგუმენტი შესაძლოა იყოს ღვინის შემადგენლობაში შემავალი ანტიოქსიდანტების ნეიროპროტექციული (ნერვული სისტემის დამცავი) ეფექტები,  როგორიცაა რესვერატროლი, რომელსაც ბოლო წლებში დიდი ყურადღება ექცევა. „ალკოჰოლის მცირე დოზით მოხმარებამ შესაძლოა წარმოქმნას დამცველი მექანიზმი ზუსტად ისევე, როგორც ეს გამოვლინდა გულ-სისხლძარღვთა კორონარულ დაავადებაზე დაკვირვებისას, – აღნიშნა ამ კვლევის ავტორმა მიგელ ა. მარტინეს-გონსალესმა თავის განცხადებაში. – ცნობილია, რომ დეპრესიასა და  გულ-სისხლძარღვთა კორონარულ დაავადებას მსგავსი მექანიზმები აქვს“. დაავადების მექანიზმები, რომლებსაც მარტინეს-გონსალესი ახსენებს, დაკავშირებულია ანთებასთან, რომელიც ცნობილია, როგორც გულ-სისხლძარღვთა დაავადების ძირითადი გამომწვევი მიზეზი და სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება დეპრესიაზე მის გავლენასთან დაკავშირებითაც. ღვინის შემადგენლობაში არსებულ პოლიფენოლის ანტიოქსიდანტებს აქვს თავის ტვინზე ანთების ზემოქმედებით გამოწვეული შედეგების აღმოფხვრის უნარი. თავის ტვინისთვის ანთებით მიყენებული ზიანი კი, როგორც ცნობილია, ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას.   

„ადრე ჩატარებული კვლევების თანახმად, ჰიპოკამპურ (ადამიანის თავის ტვინის სტრუქტურული ერთეული) კომპლექსს შეუძლია ითამაშოს გარკვეული როლი დეპრესიის მძიმე ფორმის განვითარებაში, –  ამბობენ კვლევის ავტორები. – ამ ნეიროპროტექციის მოქმედებამ ჰიპოკამპუსის შემთხვევაში შესაძლოა ხელი შეუშალოს დეპრესიის განვითარებას ღვინის საშუალო დოზით მომხმარებელთა შორის“.

მეორე განმარტება, რომელიც არ უკავშირდება ღვინის შემადგენლობას, შესაძლოა უკავშირდებოდეს სოციალურ ფაქტორებს, რომლებიც დიდი ხანია, დეპრესიის გამომწვევ რისკ-ფაქტორებადაა მიჩნეული. ის ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით მიირთმევენ ერთ ან ორი ჭიქა ღვინოს, ძირითადად ამას ახლობელი ადამიანების წრეში აკეთებენ. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კვლევაში მონაწილეა დამიანები „იყვნენ შედარებით უფროსი ასაკის, ტრადიციული ესპანური ხმელთაშუაზღვისპირა რაიონების მკვიდრნი, რომლებიც იაფფასიან ღვინოს სვამდნენ, უმეტესწილად ოჯახთან ან მეგობრებთან სოციალიზაციის მიზნით“. აშკარაა, რომ მდიდარი სოციალური ცხოვრებით ტკბობა დეპრესიის  რისკს ამცირებს  და, სავარაუდოდ,  კვლევის შედეგებზეც მოქმედებს.  

დაბოლოს, ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის უამრავი მტკიცებულება, რომლებიც გვიჩვენებს, რომ ალკოჰოლი და დეპრესია მჭიდრო ურთიერთკავშირშია. ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ გენეტიკისა და გარემოს ფაქტორები, რომლებიც განაპირობს ზოგიერთი ადამიანის მიდრეკილებას როგორც ალკოჰოლის, ისე დეპრესიის  მიმართ. ამიტომ სინამდვილეში შესაძლოა არსებობდეს მესამე ფაქტორი, რომელიც ზრდის ალკოჰოლის მოხმარებისა და დეპრესიისადმი მიდრეკილების რისკს.  

ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, ამ კვლევის შედეგებს დიდი სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს შედეგები მიღებულია ესპანეთის ხმელთაშუაზღვისპირა მოსახლეობის იმ შედარებით ვიწრო ჯგუფზე დაკვირვებით, რომელთაგან არც ერთს არასოდეს ჰქონია დეპრესია და ყველა მონაწილე 55 წელს იყო გადაცილებული. ამიტომ უცნობია, როგორ უკავშირდება ეს შედეგები, თუ საერთოდ უკავშირდება, ადამიანთა უფრო ფართო ჯგუფს.

ამ კვლევისგან – ისევე, როგორც ისეთ კვლევათა უმეტესობისაგან, რომელთა ობიექტს რაიმე კონკრეტული საკვები პროდუქტი (ღვინო, ყავა, შაქარი, ცხიმი და ა.შ.) წარმოადგენს –  ერთმნიშვნელოვანი პასუხის მოლოდინი შესაძლოა გულუბრყვილობაც კი იყოს. რეალურად ალკოჰოლი ალბათ ვერ შეამცირებს დეპრესიის რისკს, თუ გავითვალისწინებთ სხვადასხვა დამატებით ფაქტორს,  როგორიცაა ალკოჰოლის რაოდენობა, ალკოჰოლის ტიპი, ფიზიკური და ფსიქიკური  ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ მათთვის, ვისაც სიამოვნებს ზოგჯერ ერთი ჭიქა წითელი ღვინის დალევა, საუკეთესო რჩევა იქნებოდა გააგრძელონ ალკოჰოლის ასეთი დოზით მოხმარება, რადგან ეს არგებს მათ გულსა და ტვინს. მაგრამ მათთვის, ვინც ალკოჰოლის დიდი თაყვანისმცემელი არ არის, არ ვურჩევთ ამ ჩვევის გადმოღებას, რადგან ის ბევრი საშიში რისკის მატარებელიცაა.