გასული წლის დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის შავი ზღვის ღრმაწყლოვანი პორტის შეჩერებული მშენებლობის განახლება გადაწყვიტა. განცხადების მიხედვით, სახელმწიფო პორტის წილის 51%-ს დაესაკუთრება და ამასობაში საერთაშორისო ინვესტორებს მოიძიებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა საქართველოსა და მთელი სამხრეთი კავკასიის რეგიონისთვის, როგორც ეკონომიკური, ასევე სტრატეგიული თვალსაზრისით. პროექტი, რომელიც 2.55 აშშ დოლარი ჯდება, პირველი ღრმაწყლოვანი პორტი იქნება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და შეძლებს დიდი ზომის გემების მასპინძლობას. ანაკლია რეგიონის შიდა კავშირების გაძლიერებას ხელს შეუწყობს და მისი ტრანზიტის პოტენციალს წინ წამოსწევს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც ე.წ. შუა კორიდორის მნიშვნელობა, რომელიც ევროპას აზიასთან ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს გავლით აკავშირებს, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ უკიდურესად გაიზარდა.
ანაკლიის პორტის მშენებლობა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო, როდესაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა კონკურსის შედეგად პორტის მშენებლობისა და ამუშავების უფლება მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ეს წამოწყება პოლიტიკური დაპირისპირებისა და დავის ფონზე მალევე შეჩერდა. ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიხედვით, რომელიც დღეს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტია „ლელოს“ უძღვება, საქართველოს მთავრობამ პროექტს პოლიტიკური საბოტაჟი მოუწყო და ძირი გამოუთხარა. ხაზარაძე დაუპირისპირდა ქართველ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია და მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ოფიციალურად არ იღებს მონაწილეობას, „ფარდის მიღმა“ მყოფ მთავარ მმართველ ფიგურადაა მიჩნეული.
საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე გეოგრაფიული თვალსაზრისით სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს. აქედან გამომდინარე, როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონს შეუძლია, ორ კონტინენტს შორის მთავარი სატრანსპორტო ჰაბი გახდეს. ეს რეგიონის ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას გაზრდის და ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებობს სხვა კორიდორები, თუმცა გასულ წელს შუა კორიდორის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა. ანაკლიის პორტს ამ კორიდორის პოტენციალისა და აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის სატრანსპორტო კავშირების კიდევ უფრო განვითარება შეუძლია. შუა კორიდორი რუსეთზე გამავალ ჩრდილოეთის კორიდორს კონკურენციას უწევს, რომლითაც ყველაზე დიდი მოცულობის ტვირთის უსწრაფესად გადატანაა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, უკრაინაში რუსული აგრესიისა და აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, ჩრდილოეთის კორიდორმა თავისი უწინდელი მნიშვნელობა დიდწილად დაკარგა, რის შედეგადაც შუა კორიდორის შესაძლებლობა, ევროპასა და აზიას შორის გახდეს ერთ-ერთი უმთავრესი სატრანზიტო კორიდორი, კიდევ უფრო გაიზარდა.
ღრმაწყლოვანი პორტის არარსებობა დიდი ხანია, ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად რჩება შუა კორიდორის განვითარებისთვის. თუმცა ანაკლიის ახალ პორტს საერთაშორისო ინტერესის გაზრდით ამ კორიდორის მნიშვნელობის წინ წამოწევა შეუძლია. ევროკავშირმა წვლილი უკვე შეიტანა ამ კორიდორის შექმნაში, მათ შორის – კასპიის ზღვისპირეთში სარკინიგზო მიმოსვლის განვითარებაში. აქედან გამომდინარე, ახალი ინვესტიციისა და თავისუფალი და მდგრადი სატრანზიტო მიმოსვლის ხელშესაწყობად მიზანშეწონილი იქნება ამ საკითხებზე სამხრეთ კავკასიასა და შუა აზიაში ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერება. აზერბაიჯანისა და შუა აზიის ენერგორესურსების გათვალისწინებით, ევროკავშირს საკუთარი ენერგომომარაგების დივერსიფიკაცია და აქედან გამომდინარე რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირება შეუძლია, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შემდეგ ევროკავშირის პრიორიტეტია. გარდა ამისა, ანაკლიის პორტის განვითარებაში ერთ-ერთი მთავარი აქტორი შეიძლება ჩინეთიც იყოს. შავი ზღვის პორტი მას რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით ევროპასთან დააკავშირებს და „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში სატრანსპორტო კავშირებს გააუმჯობესებს. საქართველო შუა აზიის ქვეყნების ექსპორტისთვისაც ხელსაყრელია, რადგან ის მათ სატრანზიტო გზების დივერსიფიკაციისა და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების საშუალებას აძლევს.
რუსეთი პროექტის მთავარი პოტენციური საფრთხეა, რადგან ის ერთადერთი აქტორია, რომლისთვისაც პორტის მშენებლობა მოგებიანი საერთოდ არ იქნება. ანაკლიას რუსეთის შავ ზღვაზე განთავსებული ნოვოროსიისკის პორტისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია. ამავდროულად, შავ ზღვაზე დასავლური ჩართულობის ზრდა კრემლის ინტერესებში არ შედის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გამოყენება სამხედრო თვალსაზრისითაცაა შესაძლებელი, მათ შორის – ნატოს სამხედრო წვრთნებისთვის. ახალი პორტი საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, დასავლურ სამხედრო და წყალქვეშა გემებს უმასპინძლოს. აქედან გამომდინარე, ანაკლიის პორტის გახსნა შავ ზღვაზე რუსულ გავლენას გარკვეულწილად საფრთხეს შეუქმნის.
საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ანაკლიის პორტის წილის ნახევარზე მეტს დაეუფლება, დანარჩენს კი საერთაშორისო ინვესტორებს გაუნაწილებს. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადების მიხედვით, საფინანსო ინსტიტუტებმა და კომპანიებმა პროექტში ინვესტირებისგან შესაძლოა თავი შეიკავონ, რადგან სახელმწიფო პროექტის ნახევარზე მეტს ფლობს. ასეთ სიტუაციაში, სანდო ინვესტორები გზას დაუთმობენ საეჭვო არადასავლურ კომპანიებს, რომელთა მთავარი ინტერესი ფინანსური სულაც არ იქნება. ეს კი საფრთხეს შეუქმნის პროექტის საბოლოო განხორციელებას. ამავდროულად აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის დასავლელი პარტნიორებისგან ჩამოშორება და კრემლთან დაახლოებაც, რაც პროექტის განხორციელებას კიდევ უფრო მეტი რისკის ქვეშ აყენებს. აქედან გამომდინარე, არსებობს იმის საფრთხე, რომ პორტის დანარჩენი წილი რუსული კომპანიის ხელში აღმოჩნდება. ასეთ სიტუაციაში უმნიშვნელოვანესია აშშ-ისა და ევროკავშირის გააქტიურება და პროექტის განხორციელებაში ჩართვა.