უკრაინაში მიმდინარე ომი კლიმატურ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს, მაშინ როდესაც გლობალური სათბური ემისიები უკვე რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზეა. ახალი მოხსენების თანახმად, რომელიც მიმდინარე კვირაში, ბონში გასამართ გაეროს კლიმატური სამიტის ფარგლებში გამოქვეყნდება, ომის პირველი თორმეტი თვე, 120 მილიონი ტონა სათბური აირების წმინდა ზრდას გამოიწვევს, რაც ბელგიის მიერ ემისიების წლიური გამოყოფის ეკვივალენტურია.
მკვლევართა ჯგუფმა, ჰოლანდიელი ექსპერტის ლენარდ დე კლერკის ხელმძღვანელობით, ემისიების გამომწვევი მიზეზები შეისწავლა, მანქანების გამონაბოლქვით დაწყებული, ტყის ხანძრებითა და შენობებისა და ინფრასტრუქტურის სამომავლო რეკონსტრუქციით დასრულებული. „ჩვენც არ ველოდით, რომ ომის გავლენა კლიმატზე ასეთი მნიშვნელობის იქნებოდა, თუმცა გასათვალისწინებელია არა მხოლოდ უშუალოდ ომის მიმდინარეობის შედეგად, არამედ სამომავლოდ, განადგურებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციით წარმოებული ემისიები“, – განაცხადა დე კლერკმა ანგარიშზე საუბრისას.
ნახშირბადის აღრიცხვა მიმდინარე წლის COP28-ის კლიმატის სამიტზე დუბაიში ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რადგან ქვეყნები 2015 წლის პარიზის შეთანხმების შემდგომ მიღწეულ პროგრესს შეაფასებენ. ამ მიმართულებით კი კონფლიქტებისა და სამხედრო ემისიების ზუსტი აღრიცხვაც აუცილებელია, თუ მსოფლიოს 2050 წლისთვის წმინდა ნულოვანი ნიშნულის მიღწევა სურს.
ანგარიში – უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული კლიმატური ზიანი – ევროპის კლიმატური ფონდისა და უკრაინის გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და ადვოკატირების ინიციატივის მიერ დაფინანსდა.
მოხსენების თანახმად, თებერვალში უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, ემისიების წმინდა ზრდის ნახევარზე მეტი ბრძოლების შედეგად დაზიანებული შენობების, გზებისა და ქარხნების სავარაუდო რეკონსტრუქციას უკავშირდება. ამავდროულად, ემისიების დაახლოებით 19% ისეთ სამხედრო აქტივობებზე მოდის, როგორიცაა საწვავის წვა, საბრძოლო მასალის შექმნა და გამოყენება და ბეტონის ფორტიფიკაციების მშენებლობა.
ანგარიშის შეფასებით, ევროპის მასშტაბით, რუსული გაზის დაბალი ნაკადისა და მაღალი ფასების გავლენით, ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების შედეგად ემისიების შემცირება თითქმის სრულად კომპენსირდება ნავთობის, ქვანახშირისა და თხევადი ბუნებრივი აირის მოხმარების მატებით.
ანგარიშში ასევე შესულია უკრაინის ფარგლებს გარეთ, კონფლიქტთან დაკავშირებული სათბური აირების ემისიები, რაც Nord Stream-ის მილსადენიდან გაზის გაჟონვამ, საერთაშორისო ფრენების მარშრუტის შეცვლამ და ლტოლვილთა გადაადგილებებმა გამოიწვია.
უკრაინის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, კლიმატზე კონფლიქტების გავლენის შესაფასებლად, დისკუსიების გამართვა უმნიშვნელოვანესია.
„სამწუხაროდ, უკრაინის ომის გავლენა არ ასახულა და არ აისახება კლიმატური ცვლილებების შესახებ გაეროს ჩარჩოს კონვენციის სამდივნოს მიერ შემუშავებულ სათბური აირების აღრიცხვის ყოველწლიურ ანგარიშში“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ ელფოსტით გაგზავნილ განცხადებაში.
კლერკის შეფასებით, სამხედრო აქტივობების შედეგად წარმოებული ემისიების ზუსტი მოცულობის დადგენა რთულია, რადგან ხშირად, ჯარების საზღვრებს გარეთ ყოფნისა და ანექსირებული ტერიტორიების გამონაბოლქვი ორმაგად არის დაანგარიშებული. თუმცა გარკვეული კვლევები სხვადასხვა კონფლიქტიდან გამოწვეული ემისიების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის.
მათ შორისაა ბრაუნის უნივერსიტეტის „ომის ხარჯების“ პროექტი, რომლის თანახმადაც, 2001-2018 წლებში, აშშ-ის სამხედროების ომთან დაკავშირებული აქტივობებით ავღანეთში, პაკისტანში, ერაყსა და სირიაში, 440 მილიონი ტონა ემისია წარმოიქმნა. გამოყენებითი სისტემების ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით კი, 1990-1991 წლებში, სპარსეთის ყურის ომის დროს, 133 მილიონი ტონა ემისია გამოიყო, როდესაც ერაყმა ქუვეითიდან უკან დახევისას, ნავთობის ასობით ჭაბურღილს ცეცხლი წაუკიდა.