Amazon.com-ის მიერ მხარდაჭერილმა სტარტაპმა, Anthropic-მა, აშშ-ის მთავრობისთვის საკუთარი AI-ჩეტბოტის, Claude-ის 1 დოლარად შეთავაზება დააანონსა. შედეგად, Anthropic-ი AI-სტარტაპთა იმ მზარდ სიას შეუერთდა, რომლებიც ხელისუფლებას ფედერალური კონტრაქტების მისაღებად მოგებიან გარიგებებს სთავაზობენ.
Anthropic-ის განცხადებამდე, აშშ-ის მთავრობამ ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების ოფიციალურ მიმწოდებლებს შორის რამდენიმე ამერიკული ტექკომპანია დაამატა. დასაშვებ სიაში Anthropic-ის Claude-თან ერთად OpenAI-ის ChatGPT-ი და Google-ის Gemini-იც მოხვდნენ.
გასულ კვირას, აშშ-ის მთავრობას მსგავსი შეთავაზებით OpenAI-მაც მიმართა. ChatGPT-ის შემქმნელი AI-სტარტაპის განცხადებით, მომდევნო წლის განმავლობაში, აშშ-ის ფედერალური სააგენტოები ChatGPT Enterprise-ის გამოყენებას მხოლოდ $1-ად შეძლებენ.
ცნობისთვის, გასულ თვეში OpenAI-მ პენტაგონისგან 200 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტიც მიიღო, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისთვის ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების მიწოდებას ითვალისწინებს.