Anthropic-ის IPO: რა ვიცით AI-გიგანტის გეგმების შესახებ?

Anthropic-ის IPO: რა ვიცით AI-გიგანტის გეგმების შესახებ?

ფოტო: Getty Images

ხელოვნური ინტელექტის კომპანია Anthropic-ი საფონდო ბირჟაზე გასვლის ფარგლებში $64 მილიარდამდე მოზიდვას გეგმავს. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, Claude-ის შემქმნელის საბაზრო ღირებულებამ შესაძლოა $1.4 ტრილიონს მიაღწიოს. ეს იქნება ერთ-ერთი უმსხვილესი IPO ტექნოლოგიური სექტორის ისტორიაში და მნიშვნელოვანი ინდიკატორი იმისა, რამდენად მდგრადია ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიაში საინვესტიციო ბუმი.

დოკუმენტის თანახმად, Anthropic-ი 825 მილიონი აქციის გაყიდვას გეგმავს, თითოეულის ფასი კი $70-დან $78-მდე იქნება. კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე ტიკერით ANT გამოჩნდება. ამასთან, Google-ი, Nvidia-ი, AMD, Microsoft-ი და კიდევ სამი ტექნოლოგიური კომპანია დამატებით $26 მილიარდის ღირებულების აქციების შესყიდვაზეც შეთანხმდნენ. გარიგება კერძო განთავსების ფორმით განხორციელდება და აქციები ხმის უფლების გარეშე გაიცემა. აღნიშნული კომპანიები Anthropic-ის ინვესტორები ან მისი გამოთვლითი სიმძლავრეების მთავარი მომწოდებლები არიან.

Anthropic საფონდო ბირჟაზე გასვლას 16 ნოემბრის კვირაში გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის აქციებით ვაჭრობა 19 ნოემბერს უნდა დაიწყოს.

IPO-ს მიმართ ინვესტორების ინტერესი განსაკუთრებით მაღალია იმ ფონზე, როდესაც ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში ჩადებული უზარმაზარი თანხების ამოღების პერსპექტივა სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს.

Anthropic-ის ფინანსური მაჩვენებლები კომპანიის სწრაფ ზრდაზე მიუთითებს. SEC-ში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, მესამე კვარტალში მისმა შემოსავალმა $17 მილიარდი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $1.4 მილიარდი იყო. 31 ოქტომბრის მდგომარეობით, წლიურ ტემპზე გადაანგარიშებული შემოსავალი დაახლოებით $81 მილიარდს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი კომპანიის მიმდინარე შემოსავლების საფუძველზე გამოთვლილი წლიური პროგნოზია. მხოლოდ სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე ის $10 მილიარდით გაიზარდა.

ბოლო თვეებში Anthropic-ის სავარაუდო საბაზრო ღირებულებას $2 ტრილიონამდეც აფასებდნენ, თუმცა ეს მოლოდინები უოლ-სტრიტზე AI-სექტორის კომპანიების აქციების ფასების შემცირების პარალელურად შეიცვალა.

საფონდო ბირჟაზე გასვლისთვის მომზადებულ დოკუმენტებში კომპანია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ რისკსაც ვრცლად განიხილავს. Anthropic-ი ინვესტორებს აფრთხილებს, რომ მოწინავე AI-სისტემებმა, პასუხისმგებლობიანი განვითარებისა და გამოყენების გარეშე, შესაძლოა საზოგადოებისთვის კატასტროფული ან ეგზისტენციალური საფრთხეები შექმნას. კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის რეგულირებისა და უსაფრთხოების საკითხებზე მისმა საჯარო პოზიციებმა შესაძლოა პოლიტიკური წინააღმდეგობა ან არაპროპორციული მარეგულირებელი ზომები გამოიწვიოს.

ეს გაფრთხილებები ნაწილობრივ აშშ-ის ადმინისტრაციასთან არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება. პენტაგონმა Anthropic-ი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად შეაფასა მას შემდეგ, რაც კომპანიამ საკუთარი ტექნოლოგიის სამხედრო გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნაზე უარი თქვა.

დოკუმენტებში ყურადღება ეთმობა კომპანიის მნიშვნელოვან ფინანსურ ვალდებულებებსაც. Anthropic-ი გამოთვლითი სიმძლავრეების გასაზრდელად ასობით მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს და ინვესტორებს აფრთხილებს, რომ ამ ხარჯების მნიშვნელოვანი ნაწილის გაწევა მოუწევს მაშინაც კი, თუ ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნა მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ IPO-ს შემდეგაც, კომპანიის კონტროლი ძირითადად დამფუძნებლების ხელში დარჩება. წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, შვიდი თანადამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორის, დარიო ამოდეისა და პრეზიდენტის, დანიელა ამოდეის ხელმძღვანელობით, აქციონერთა ხმების ნახევარზე ოდნავ მეტს შეინარჩუნებს. შესაბამისად, საჯარო ინვესტორებს არ ექნებათ შესაძლებლობა, კენჭისყრის გზით დამფუძნებლების გადაწყვეტილებები გადაწონონ.

Forbes Georgia-ს აღმასრულებელი რედაქტორი