ანტისემიტური პოსტების გამო კრიტიკის ფონზე, მასკმა Grok 4 გამოუშვა

ანტისემიტური პოსტების გამო კრიტიკის ფონზე, მასკმა Grok 4 გამოუშვა

ილონ მასკის xAI-მ ოთხშაბათს საღამოს Grok 4 გამოუშვა, მისი ფლაგმანი ხელოვნური ინტელექტის მოდელის უახლესი და ყველაზე მოწინავე ვერსია, რომელიც მილიარდერის თქმით, ყველა მთავარ კონკურენტზე ჭკვიანია. ახალი ვერსიის წარდგენა მოხდა მას შემდეგ, რაც კომპანიის ჩატბოტის ანტისემიტურმა განცხადებებმა და მის მიერ ადოლფ ჰიტლერის ქებამ საზოგადოების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.

xAI-მ ახალი Grok 4-მოდელი თითქმის ერთსაათიანი პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას წარადგინა. ჩართვის დროს ილონ მასკი ამტკიცებდა, რომ „ეს მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტია“.

მასკმა და xAI-ის თანამშრომლებმა სხვადასხვა საორიენტაციო ტესტში, მათ შორის „კაცობრიობის ბოლო გამოცდაში“, Grok 4-ის მუშაობის შედეგები წარმოადგინეს და განაცხადეს, რომ მან Google-ის Gemini 2.5 Pro-სა და OpenAI-ის o3 მოდელებზე უკეთესი შედეგი აჩვენა.

ცნობისთვის, xAI-მ მოდელის ორი ცალკეული ვერსია გამოუშვა – Grok 4 და უფრო მძლავრი Grok 4 Heavy, რომელთა გამოყენებაც, შესაბამისად, 30 და 300-დოლარიანი ყოველთვიური გამოწერის შედეგად არის შესაძლებელი.

როგორც აღვნიშნეთ, ხელოვნური ინტელექტის მოდელის უახლესი ვერსიის გამოშვება მოხდა მას შემდეგ, რაც Grok-ის ჩატბოტმა X-ზე რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, რომლებიც ანტისემიტური ხასიათის იყო და ნაცისტებისა და ადოლფ ჰიტლერის ქებას შეიცავდა. ჩატბოტმა განაცხადა, რომ მასკმა „თავიდანვე ასეთი შექმნა“. მოგვიანებით, xAI-მ ეს პოსტები წაშალა და განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მან „სიძულვილის ენის აკრძალვისთვის ზომები მიიღო, სანამ Grok-ი X-ზე პოსტს გამოაქვეყნებდა“.