48 წლის წინ, 1976 წლის პირველ აპრილს, სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა და რონალდ უეინმა დააფუძნეს კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს 2.6 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება.
კომპანია, რომელმაც სტივ ჯობსის გარაჟში დაიწყო სახელის მოხვეჭა, ტექნოლოგიურ სამყაროში დღეს ინოვაციურობასა და ელეგანტურობასთან ასოცირდება. თუმცა აქამდე გრძელი გზა იყო.
Apple-მა პირველი პროდუქტები, პერსონალური კომპიუტერები, Apple I-ი და Apple II-ი 1977-1998 წლებში გამოუშვა, რამაც ის პერსონალური კომპიუტერების წამყვან კომპანიად აქცია. კომპიუტერებს სკოლებში, სახლებში, ბიზნესებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებდნენ.
1984 წელს კომპანიამ გამოუშვა Apple Macintosh-ი, რომელიც იყო პირველი კომპიუტერი მაუსით და მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისით, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა, ურთიერთობა ელექტრონულ მოწყობილობასთან სურათებით ჰქონოდა ტექსტური ბრძანებების ნაცვლად.
1985 წელს სტივ ჯობსმა Apple-ი დატოვა შიდა მენეჯმენტთან სტრატეგიულ საკითხებზე კონფლიქტის გამო, რის შემდეგაც მან დაარსა ტექნოლოგიური კომპანია NeXT-ი, რომელიც კომპიუტერებს საგანამანათლებლო და ბიზნესბაზრებისთვის ამზადებდა და განახორციელა ინვესტიციები Pixar-ში.
1997 წელს NeXT-ი Apple-მა შეიძინა, სტივ ჯობსიც დაბრუნდა, 90-იანი წლების ბოლო და 2000-იანი წლების დასაწყისი კი უპრეცედენტო წარმატების დასაბამი.
ამ პერიოდში იქმნება ინოვაციური მოწყობილობები და ადამიანების ტექნოლოგიებთან ურთიერთობის გამოცდილება რადიკალურად იცვლება. 1998 წელს Apple-მა iMac-ი გამოუშვა, 2000 წელს iPod-ი და iTunes-ი, 2007 წელს – iPhone-ი, ხოლო 2010 წელს – iPad-ი.
2011 წელს სტივ ჯობსი გარდაიცვალა, რითაც დასრულდა ერთი ერა და დაიწყო ახალი, რომელსაც სათავეში ტიმ კუკი ჩაუდგა. ცხადია, განვითარება არ შეწყვეტილა და Apple-ი დღესაც ტექნოლოგიური პროგრესის მოწინავე ფრონტზეა. კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს ხელოვნურ ინტელექტში და მისი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროდუქტი, რომელმაც შესაძლოა სრულად გარდაქმნას ინდუსტრია, Apple Vision Pro-ა.
Apple-ის ისტორიაში ბევრი საინტერესო ფაქტია, მაგალითად, ის, რომ თავდაპირველ ლოგოზე ისააკ ნიუტონი იყო გამოსახული, მაგრამ ამ სტატიაში ფინანსურ ფაქტებზე გავამახვილებთ ყურადღებას:
- Apple-ს იმაზე მეტი ნაღდი ფული აქვს, ვიდრე ამერიკის ხაზინას. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო 2023 წლის მეორე კვარტალში.
- Apple-ის პირველი კომპიუტერი 666.66 აშშ დოლარად გაიყიდა.
- Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია მხოლოდ 7 ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს ჩამოუვარდება, ესენია: აშშ, ჩინეთი, გერმანია, იაპონია, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი.
- Apple-ის მოგება დღეში 157 მილიონი აშშ დოლარი, საათში – 6.5 მილიონი აშშ დოლარი, წუთში – 109 ათასი აშშ დოლარი, წამში კი 1,820 აშშ დოლარია.
- 2018 წელს, Apple-ი გახდა პირველი კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამაც 1 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2023 წელს, ასევე პირველი კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3 ტრილიონ აშშ დოლარს მიაღწია.
- რონალდ უეინმა, Apple-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საკუთარი 10%-იანი წილი კომპანიის დაარსებიდან მეთორმეტე დღეს მხოლოდ 800 აშშ დოლარად გაყიდა. უეინს რომ წილი შეენარჩუნებინა, დღეს მისი აქციების ღირებულება 260 მილიარდზე მეტი იქნებოდა.
- სტივ ვოზნიაკმა Apple-ისთვის კაპიტალის მოსაგროვებლად საკუთარი სამეცნიერო კალკულატორი გაყიდა.
- სტივ ჯობსი Apple-ის CEO-ს რანგში მხოლოდ სიმბოლურ 1 დოლარს იღებდა წლიური ხელფასის სახით ბოლო 15 წლის განმავლობაში.
- 2019 წელს Apple-მა იმაზე მეტი საათი გაყიდა (30.7 მილიონი), ვიდრე მთლიანად შვეიცარიული საათების ინდუსტრიამ (21.1 მილიონი).