Apple-ი აშშ-ში დამატებით $100-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს

Apple-ი აშშ-ში დამატებით $100-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში წარმოების გასაფართოებლად Apple-ი დამატებით $100-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ კუკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Apple აშშ-ის ეკონომიკაში $500-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების პირობას იღებდა.  ტიმ კუკის თებერვალში დაანონსებული $500-მილიარდიანი ინვესტიცია ჰიუსტონში ახალი საწარმოს აშენებასა და 20,000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებდა.

დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული „ამერიკული წარმოების პროგრამის“ მიზანი Apple-ის მიწოდების ჯაჭვის დიდი ნაწილის აშშ-ში გადმოტანა გახლავთ. ტექნოლოგიური კომპანია კრიტიკული კომპონენტების ადგილობრივად წარმოებას გეგმავს. Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაყიდული iPhone-ებისა და Apple Watch-ების დამცავი მინა სწორედ აშშ-ში, კენტუკის ქარხანაში იქნება წარმოებული.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საფონდო ბირჟაზე Apple-ის აქციათა ფასი 5%-ით გაიზარდა და $213.25 შეადგინა.

საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპმა ინდური პროდუქციის უმეტესობას უკანასკნელი დღეების განმავლობაში 50%-იანი ტარიფები დაადო. აშშ-ში გაყიდული iPhone-ების უმეტესობა კი სწორედ ინდოეთიდანაა იმპორტირებული. შესაბამისად, რა სახით შეეხება ამერიკული ტარიფები ინდოეთიდან ექსპორტირებულ Apple-ის პროდუქციას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ტრამპი კომპანიას პროდუქციის ინდოეთიდან იმპორტის გამო 25%-იანი ტარიფის დაწესებით დაემუქრა. მაისში საკუთარ სოციალურ ქსელში ტრამპი წერდა, რომ iPhone-ები არა ინდოეთში, არამედ აშშ-ში უნდა იწარმოოს.

ტარიფების დაწესების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის წნეხის გაზრდაც გახლავთ, რათა მათ საწარმოები ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ტაივანიდან თუ სხვა შეღავათიანი ტერიტორიებიდან შეერთებულ შტატებში გადაიტანონ.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.