Canalys-ის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის მეორე კვარტალში Apple-ი ჩინეთში სმარტფონების ბაზარზე საუკეთესო ხუთეულს ჩამოშორდა. ამის მიზეზი კი ადგილობრივი ბრენდების მხრიდან გაზრდილი კონკურენციაა, მათ შორისაა Huawei.
ჩინეთის სმარტფონების ბაზარზე Apple-ის წილი მეორე კვარტალში 14%-მდე შემცირდა. მოხსენების თანახმად, პირველ კვარტალში ეს მონაცემი 15%-ს, გასული წლის იმავე პერიოდში კი 16%-ს შეადგენდა.
CNBC-ის გამოთვლებით, iPhone-ის მწარმოებელი, რომელიც 2023 წლის მეორე კვარტალში ჩინეთის ბაზარზე მესამე ადგილს იკავებდა, გასულ კვარტალში მეექვსე ადგილზე დაქვეითდა. ამ პერიოდში მიწოდებული სმარტფონების რაოდენობამ 9.7 მილიონი შეადგინა. Apple-ის მიწოდების მაჩვენებელი პირველი კვარტალის შემდეგ მცირდება, როდესაც 25%-იანი წლიური კლება აღინიშნა, მიწოდებული სმარტფონების მაჩვენებელმა კი 10 მილიონი ერთეული შეადგინა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბრენდებს და მათ შედეგებს – აპრილიდან ივნისამდე პერიოდში, Vivo-მ ბაზრის 19%-იანი წილით პირველობა დაიბრუნა (13.1 მილიონი ერთეული სმარტფონი) – ეს განპირობებული იყო ძლიერი ოფლაინ და ონლაინ გაყიდვებით ელექტრონული კომერციის ფესტივალის, “618”-ის განმავლობაში.
Oppo-მ 11.3 მილიონი ერთეულით მეორე ადგილი შეინარჩუნა, რაც ახალი Reno 12 სერიის გამოშვების დამსახურებაა. მესამე ადგილზე გავიდა Huawei-ის სპინოფი Honor-ი 10.7 მილიონი ერთეულით, რაც წინა წელთან შედარებით 4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
Huawei 15%-იანი წილით და 10.6 მილიონი ერთეული სმარტფონით მეოთხე ადგილს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ ის ერთი წლით ადრე ხუთეულში არ გვხვდებოდა. Huawei-ის სამომხმარებლო ბიზნესი ჩინეთში Mate 60-ის სახელწოდებით ცნობილი სმარტფონის გამოშვების შემდეგ აღორძინდა.
Xiaomi-მ მეხუთე ადგილი დაიკავა. მისი პოპულარობის ზრდაზე პირველი ელექტრომობილის, SU7-ის გამოშვებამ იმოქმედა. ასევე გაყიდვების ზრდას ხელი შეუწყო K70 და ფლაგმანის მე-14 სერიის სოლიდურმა გაყიდვებმა.
Canalys-ის ინფორმაციით, საერთო ჯამში, ჩინეთის სმარტფონების ბაზარი მეორე კვარტალში წლიურად 10%-ით გაიზარდა, მიწოდებით კი 70 მილიონ ერთეულს გადააჭარბა.