რამდენიმე დღით ადრე, სანამ შეერთებული შტატები სმარტსაათებზე აკრძალვას დააწესებს, Apple-მა თავისი $17-მილიარდიანი ბიზნესის გადასარჩენ გეგმაზე მუშაობა დაიწყო. კომპანიის ინჟინრები ცდილობენ შეცვალონ ალგორითმები მოწყობილობაზე, რომელიც მომხმარებელთა სისხლში ჟანგბადის დონეს ზომავს – და Masimo-ს მტკიცებით, პატენტზე საკუთრების უფლებებს არღვევს.
სხვადასხვა ქვეყანაში Apple-ის პროდუქცია ძირითადად სამართლებრივი დავების გამო ადრეც აკრძალულა, თუმცა შეზღუდვები ბრენდის ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნესს ამჟამად თავისსავე სამშობლოში უწესდება. საერთაშორისო სავაჭრო კომისიის მიერ დაწესებული აკრძალვა, რომელსაც თეთრმა სახლმა ბოლო წუთებში ვეტო არ დაადო, ძალაში 25 დეკემბრიდან შევა.
საერთაშორისო სავაჭრო კომისიის მიერ დაწესებული აკრძალვა იმპორტის შეზღუდვის ფორმას მიიღებს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში Apple-ისთვის სმარტსაათების გაყიდვას შეუძლებელს გახდის. კომპანია მოწყობილობის კომპონენტებისა და აწყობისთვის, უცხოურ მიმწოდებელზეა დამოკიდებული.
Masimo-სთან დავის მოგვარების მაგივრად, ამჟამად Apple-ი საკუთარი ტექნოლოგიის ცვლილებაზეა ორიენტირებული და მარეგულირებელი ორგანოების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს. აკრძალვის ძალაში დატოვების შემთხვევაში Apple-ი სხვადასხვა იურიდიულ და ტექნიკურ ალტერნატივაზეც მუშაობს. მაგალითად, კომპანიის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში კვლავ ხელმისაწვდომი იქნება შედარებით დაბალბიუჯეტიანი SE-მოდელები.
აკრძალული მოდელების თავის ვებგვერდზე გაყიდვას კი Apple-ი ხუთშაბათიდან შეაჩერებს, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად 24 დეკემბრამდე მაღაზიებიდანაც ამოიღებს. Apple-ის სპიკერის განცხადებით, კომპანია აშშ-ის საბაჟო სააგენტოსთვის – რომელიც პროდუქტის ბაზარზე დასაბრუნებლად ცვლილებების დამტკიცებაზეა პასუხისმგებელი – წარსადგენ ცვლილებების გეგმაზე უკვე მუშაობს.