Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტიმ კუკის განცხადებით, კომპანია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გავლენით მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაახლოებით $900-მილიონიან ზარალს ელის. აღნიშნული განცხადება კუკმა კომპანიის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.
2025 წლის I კვარტალის ანგარიშის მიხედვით, Apple-მა $95.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს, $94.4 მილიარდს, აჭარბებს. ერთ აქციაზე მოგებამ $1.65 შეადგინა, წმინდა მოგებამ კი $24.8 მილიარდი, რაც ასევე მცირედ აღემატება პროგნოზირებულ $1.62-სა და $24.3 მილიარდს.
კომპანიის გაყიდვები წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 5%-ით გაიზარდა, ხოლო მოგება – 8%-ით. iPhone-ის გაყიდვებმა $46.8 მილიარდს მიაღწია, რაც პროგნოზირებულ $46 მილიარდზე მეტია.
თუმცა კომპანიისთვის მნიშვნელოვან ჩინეთის ბაზარზე შემოსავალი $16 მილიარდამდე შემცირდა, რაც ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევ $17 მილიარდზე ნაკლებია. მაღალი მარჟის მქონე სერვისების მიმართულებაში, მათ შორის App Store-სა და Apple Music-ში, შემოსავალმა $26.6 მილიარდი შეადგინა, რაც პროგნოზირებულ $26.7 მილიარდზე ოდნავ ნაკლებია.
კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ კვარტალურ დივიდენდს ერთ აქციაზე $0.26-მდე გაზრდის, მისმა სამეთვალყურეო საბჭო კი $100 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა დაამტკიცა.
გუშინ, ამ სიახლეებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, Apple-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 4%-ით შემცირდა. ამჟამად კომპანიის ერთი აქციის ფასი 213 დოლარს აჭარბებს, საბაზრო კაპიტალიზაცია კი $3.204 ტრილიონ უტოლდება. შედეგად, Apple-ი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის სტატუსს ინარჩუნებს. თუმცა მას, $3.161 ტრილიონით, ფეხდაფეხ მიჰყვება კიდევ ერთი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი, Microsoft-ი.
Apple-ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩინეთიდან შემოტანილ სმარტფონებზე ტარიფი 145%-დან 20%-მდე შემცირდა, რაც UBS-ის შეფასებით, კომპანიის მოსალოდნელ ზარალს 29%-დან 5%-მდე შეამცირებს. Apple-ი თავისი iPhone-ების დაახლოებით 90%-ს ჩინეთში აწყობს და გასულ ფისკალურ წელს შემოსავლის დაახლოებით 17% სწორედ ამ რეგიონიდან მიიღო.
ამის ფონზე, კომპანიამ კიდევ ერთი დარტყმა მიიღო Epic Games-თან სასამართლო დავაში. ფედერალურმა მოსამართლემ განაცხადა, რომ Apple-მა შეგნებულად დაარღვია სასამართლოს ბრძანება, რომელიც კრძალავს იმ შესყიდვებზე საკომისიოს აღებას, რომლებიც iOS-ის გარეთ ხდება.