დღეს, 20 ოქტომბერს, Apple-ის აქციების ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. iPhone-ის მწარმოებელი კი მალე შესაძლოა გახდეს მესამე კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $4-ტრილიონიან ზღვარს გადალახავს.
ანალიტიკოსების განცხადებით, Apple-ის აქციების ფასის ზრდა iPhone 17-ზე ძლიერ მოთხოვნას უკავშირდება. კვლევითი ფირმა Counterpoint-ის მონაცემებით, iPhone 17-ის სერიამ ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში გაყიდვების საწყის ეტაპზე თავის წინამორბედის მიერ ნაჩვენებ შედეგებს გადააჭარბა. ახალი მოდელების გაყიდვები, iPhone 16-სერიის გაყიდვებს, ამ ორ ქვეყანაში ვაჭრობაში ჩაშვებიდან პირველი 10 დღის განმავლობაში, 14%-ით აღემატებოდა.
Apple-ის აქციები ფასი 4.2%-ით გაიზარდა და 262.9 დოლარს მიაღწია. შედეგად, ტექნოლოგიური გიგანტის საბაზრო კაპიტალიზაციამ 3.9 ტრილიონ დოლარს მიაღწია. Apple-ი ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელი Nvidia-ს შემდეგ მსოფლიოში მეორე ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა.
Apple-მა ახალი iPhone-ები, მათ შორის მისი ყველაზე თხელი მოდელი, iPhone Air-ი, სექტემბერში წარადგინა და აშშ-ის ტარიფებთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე ფასები სტაბილურად შეინარჩუნა.
„მათ გამოუშვეს iPhone-ის უახლესი ვერსია და ის მოსალოდნელზე ბევრად უკეთესად მუშაობს… iPhone-ებზე მოთხოვნის ტენდენციები ახლა უკვე თვალსაჩინოა“, – განაცხადა B Riley Wealth-ის ბაზრის მთავარმა სტრატეგმა არტ ჰოგანმა.
ჩინეთში მკაცრი კონკურენციის შესახებ შეშფოთებამ და გაურკვევლობამ იმის გამო, თუ როგორ გაუმკლავდებოდა Apple-ი აშშ-ის მაღალ ტარიფებს აზიის ეკონომიკებზე – როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, მისი ძირითადი წარმოების ცენტრები – აქციების ფასზე უარყოფითად იმოქმედა. თუმცა, აგვისტოში აქციების ღირებულებამ ზომიერად ზრდა დაიწყო მას შემდეგ, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ აშშ-ში 100 მილიარდი დოლარის დამატებით ინვესტიციას განახორციელებდა, რათა მოსალოდნელი ტარიფები თავიდან აეცილებინა.