სამშაბათს, ყოველწლიურ ღონისძიებაზე ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა, iPhone-ის ახალი მოდელები – iPhone 17, iPhone Air, iPhone 17 Pro და iPhone 17 Pro Max წარადგინა.
Apple-ის ინფომაციით, iPhone 17-ში ნაკაწრებისადმი მდგრადობა გაუმჯობესდა, რაც კერამიკული დამცავის მეშვეობით მიიღწევა. ამისთვის Ceramic Shield 2 გამოიყენება, რომელიც წინამორბედზე 3-ჯერ უფრო მედეგია. აღნიშნულ მოდელს 6.3-დუიმიანი Super Retina XDR-დისპლეი აქვს და უკეთესი ხარისხის წინა და უკანა ფიუჟენ-კამერებით არის აღჭურვილი. კერძოდ, წინა კამერა 18 მეგაპიქსელამდეა გაზრდილი, ორივე უკანა კამერა კი 48-მეგაპიქსელიანია.
iPhone 17-ს ასევე ექნება A19 ჩიპი, Apple-ის უახლესი მობილური პროცესორი, რაც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ მუშაობას, ხელს შეუწყობს კომპანიის მოწინავე ხელოვნური ინტელექტის, Apple Intelligence-ის ამოცანების შესრულებას და ბატარეის ხანგრძლივობას გააუმჯობესებს, რომელიც ამ კონკრეტულ მოდელში 3,692-ამპერიანია.

აღნიშნული მოდელის ეკრანის განახლების სიხშირე 120 ჰერცამდეა გაზრდილი, მეხსიერების საწყისი მოცულობა კი წინამორბედთან შედარებით – ორჯერ, 256 გეგაბაიტამდე.
Apple-ის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, iPhone 17-ის ფასი $799-დან დაიწყება.
სამშაბათს გამართულ ღონისძიებაზე წარდგენილი კიდევ ერთი ახალი მოდელი iPhone Air-ია. კომპანიის განცხადებით, იგი Apple-ის მიერ ოდესმე წარმოებულ „ყველაზე ენერგოეფექტურ“ და „ყველაზე თხელ“ iPhone-ს წარმოადგენს. iPhone Air-ს ზემოხსენებულ მოდელზე უფრო დიდი, 6.5-დუიმიანი დისპლეი, ასევე ალუმინის ჩარჩო ექნება. ამ მოდელის სისქე 5.6 მილიმეტრს შეადგენს და ტელეფონი მხოლოდ 165 გრამს იწონს. ნაკაწრების მიმართ მედეგობას აქაც Ceramic Shield 2 უზრუნველყოფს.

iPhone 17-ისგან განსხვავებით, ამ მოდელს მხოლოდ ერთი უკანა კამერა აქვს, 48-მეგაპიქსელიანი. თუმცა კომპანიის განცხადებით, მასში ისეთი შესაძლებლობებია გაერთიანებული, რომ მომხმარებელი მეორე კამერის დანაკლისს ვერ იგრძნობს. სხვა მოდელების მსგავსად, Phone Air-ის წინა კამერაც 18-მეგაპიქსელიანია.

iPhone-ის უთხელეს მოდელს A19 Pro ჩიპი ექნება, როგორც iPhone 17 Pro-სა და Pro Max-ის შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ Phone Air-ში მომხმარებელი მხოლოდ ელექტრონული ბარათის გამოყენებას შეძლებენ. ამ მოდელის ბატარეის მოცულობა iPhone 17-ისას ჩამოუვარდება და 3,149 ამპერს შეადგენს.
Apple-ის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, iPhone Air-ის ფასი $999-დან დაიწყება.
დაბოლოს, iPhone 17 Pro და Pro Max, რომელთა შორის განსხვავება ბატარეის მოცულობასა და ეკრანის ზომაშია, რაზეც დეტალურად ქვემოთ ვისაუბრებთ. ორივე მოდელს ალუმინის კორპუსი აქვს, რომელიც, როგორც Apple-ი აცხადებს, მაქსიმალურად ზრდის მუშაობას, ბატარეის სიმძლავრესა და გამძლეობას. აღნიშნული მოდელები სამი უკანა კამერითაა წარმოდგენილი და სამივე 48-მეგაპიქსელიანია. მათი წინა კამერა კი, სხვა ახალი მოდელების მსგავსად, 18-მეგაპიქსელიანია.
მთავარი კამერები სმარტფონის უკანა მხარეს ამოზნექილ კუნძულზეა განლაგებული, რომელიც iPhone-ის ამ მოდელებს თითქმის მთელ სიგანზე გასდევს. Apple-ი მას პლატოს უწოდებს. ეს დიზაინის კუთხით iPhone-ის ყველაზე მნიშნველოვანი ცვლილებაა. დიზაინის მსგავს ელემენტს ვხვდებით iPhone Air-ის შემთხვევაშიც.
iPhone 17 Pro და Pro Max სითბოს გაფრქვევის გაუმჯობესებული სისტემით არის აღჭურვილი, რაც, Apple-ის თქმით, მასში ჩამონტაჟებული A19 Pro ჩიპის სტაბილურ მუშაობას უზრუნველყოფს. როგორც კომპანია აღნიშნავს, iPhone 17 Pro Max „iPhone-ის ისტორიაში ბატარეის საუკეთესო ხანგრძლივობით“ გამოირჩევა. ცნობისთვის, მისი ბატარეა 5,000-ამპერიანია. რაც შეეხება iPhone 17 Pro-ს, ის 4,252-ამპერიანი ბატარეით არის აღჭურვილი. ამასთან, ეკრანის ზომა Pro მოდელის შემთხვევაში 6.3 დუიმია, Pro Max-ის შემთხვევაში კი 6.9 დუიმი.
Apple-ის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, iPhone 17 Pro-ს ფასი $1,099-დან, Pro Max მოდელის ფასი კი $1,199-დან დაიწყება.