29 ოქტომბერს Microsoft-მა, $2.49-ტრილიონიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, Apple-ი ჩამოიტოვა და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია გახდა. მიმდინარე მონაცემებით, Nasdaq-ზე Microsoft-ის საბაზრო ღირებულება $2.47 ტრილიონს, ხოლო Apple-ის $2.46 ტრილიონს უტოლდება[15:30, 2 ნოემბერი, 2021].
Microsoft-მა, პირველ ფისკალურ კვარტალში, წინა წელთან შედარებით 22%-იანი მატება, ხოლო 2018 წლის შემდგომ ყველაზე სწრაფი ზრდის მაჩვენებელი დააფიქსირა. ბირჟების დახურვის მომენტში, Microsoft-ის ზრდა წინა წელთან შედარებით 48%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც Apple-მა 13%-იანი ზრდა აჩვენა.
მიმდინარე მონაცემებით, Apple-ის საბაზრო ღირებულება $2.46 ტრილიონს უდრის. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკის განცხადებით, შემოსავლების ვარდნამ მოსალოდნელზე $6 მილიარდით ნაკლები შეადგინა. კომპანიაში, დეკემბერში, ნახევარგამტარების დეფიციტიდან გამომდინარე, მიწოდების ჯაჭვის პრობლემის გაუარესებას ელოდებიან, რაც Apple-ის შემოსავლებზე გავლენას მოახდენს. მიუხედავად ამისა, iPhone-ის გაყიდვები წლიურად 47%-ით გაიზარდა, რაც iPhone 13-ის გასაყიდად ჩაშვების მხოლოდ რამდენიმე დღეს მოიცავს.
ცნობისთვის, Apple-ი საჯარო ბაზარზე მბრუნავი პირველი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $1-ტრილიონიან, შემდგომ კი $2-ტრილიონიან ნიშნულს გასცდა. Apple-მა ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის წოდება შარშან მოიპოვა – მას შემდგომ, რაც სახელმწიფო ნავთობკომპანია Saudi Aramco ჩამოიტოვა.
Microsoft-მა, საბაზრო მოცულობით, Apple-ს ბოლოს 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დაწყების პერიოდში გადაასწრო. Microsoft-ი $2-ტრილიონიანი კომპანიების კლუბში Apple-ს ივნისში, ბოლო ხუთ წელიწადში Windows-ის პირველი დიდი განახლების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემდგომ შეუერთდა.