აპრილში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წლიურ ჭრილში 15.55%-ით გაიზარდა

აპრილში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წლიურ ჭრილში 15.55%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 804.66 მლნ ლარით, 1.27%-ით გაიზარდა. შედეგად, თვის ბოლოსთვის მაჩვენებელმა 64.21 მილიარდი ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.71%-ს მიაღწია. წლიურ ჭრილში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების მოცულობა 15.55%-ით გაიზარდა.

ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა აპრილში, წინა თვესთან შედარებით, 365.16 მილიონი ლარით, 1.01%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა – 439.50 მილიონი ლარით, 1.61%-ით.

სებ-ის ინფორმაციით, აპრილის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობამ 10.73 მილიარდი ლარი, ხოლო უცხოური ვალუტით – 18.56 მილიარდი ლარი შეადგინა. პირველ შემთხვევაში მაჩვენებელი წინა თვეზე ოდნავ, 0.09%-ით მეტია, მეორე შემთხვევაში კი – 0.66%-ით.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილის განმავლობაში 1.34%-ით, 433.72 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და თვის ბოლოსთვის 32.90 მილიარდი ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ აპრილის ბოლოსთვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.75% შეადგინა. ეს წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით 0.144 პროცენტული პუნქტით შემცირებული მონაცემია.