კვლევით ჯგუფ Rho Motion-ის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გლობალური გაყიდვები აპრილში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, 29%-ით გაიზარდა. თუმცა თვიურ ჭრილში კლება აღინიშნა — აპრილში გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობამ 1.5 მილიონს მიაღწია, რაც 2025 წლის მარტთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.
იანვრიდან აპრილამდე პერიოდში, მსოფლიოში 5.6 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 29%-იან ზრდას წარმოადგენს. ამავე პერიოდში, ევროპაში გაყიდვები წინა წელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა, ჩინეთში – 35%-ით, ჩრდილოეთ ამერიკაში – 5%-ით, ხოლო მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში – 37%-ით.
მხოლოდ აპრილში ევროპაში ზრდამ 35% შეადგინა, ჩინეთში – 32%, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები 5.6%-ით შემცირდა. მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში აპრილში გაყიდვები 51%-ით გაიზარდა.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) განცხადებით, 2025 წელს მსოფლიოში გაყიდული ოთხი ავტომობილიდან ერთი ელექტრო იქნება. IEA-ს ახალ ანგარიშში ნავარაუდევია, რომ ელექტრომობილების ბაზრის წილი 2030 წლისთვის 40%-ს გადააჭარბებს.