აპრილში ხაჭაპურის ინდექსი წლიურ ჭრილში 6.1%-ით გაიზარდა

აპრილში ხაჭაპურის ინდექსი წლიურ ჭრილში 6.1%-ით გაიზარდა

ISET Policy Institute-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის აპრილში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულება 6.62 ლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1%-ით მეტია. თუმცა, თვიურ ჭრილში, 2025 წლის მარტთან შედარებით ხაჭაპურის მომზადების ღირებულება 4.4%-ით შემცირდა.

წლიური ცვლილებების მიხედვით, ხაჭაპურის ინგრედიენტებიდან ფასები თითქმის ყველას შემთხვევაში გაიზარდა: ყველი (+15.3%), საფუარი (+15.2%), რძე (+4.2%), კვერცხი (+2.4%) და კარაქი (+2.1%). ერთადერთი გამონაკლისია ფქვილი, რომლის ფასიც წინა წელთან შედარებით 9.5%-ით შემცირდა.

„ეს კლება ასახავს საერთაშორისო ხორბლის ბაზარზე არსებულ ტენდენციებს. ხორბლის ფასი 2024 წლის ბოლომდე სტაბილურად მცირდებოდა, 2025 წლის იანვარში მცირედით გაიზარდა, თებერვალში პიკს მიაღწია და მას შემდეგ კვლავ ეცემა. აღწერილი ცვალებადობის მიუხედავად, საერთო ტენდენცია მიუთითებს, რომ ხორბლის ფასი წელს მნიშვნელოვნად დაბალია, გასულ წელთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე გლობალური დინამიკა გავლენას მოახდენს საქართველოზე მომდევნო თვეების განმავლობაში, რადგან საერთაშორისო ფასების ცვლილებებს, როგორც წესი, გარკვეული დრო სჭირდება ადგილობრივ ბაზარზე გავლენის მოსახდენად“, – განმარტავს კვლევითი ინსტიტუტი.

რაც შეეხება ხაჭაპურის ინდექსის თვიურ ჭრილში ცვლილებას, ეს ძირითადად კარაქის (-9%), ყველის (-3.8%) და ფქვილის (-3.4%) ფასების ვარდნით არის განპირობებული. როგორც ISET Policy Institute-ი წერს, აღნიშნული ტენდენცია ტიპურ სეზონურ ცვლილებებს ასახავს, „რადგან ახალი რძის წარმოება გაზაფხულზე იწყებს ზრდას და პიკს ადრეულ ზაფხულში აღწევს“.

გარდა ამისა, კვლევითი ინსტიტუტი შენიშნავს, რომ 3 მარტს დიდი მარხვის დაწყებამ, სავარაუდოდ, ყველსა და რძის სხვა პროდუქტებზე მოთხოვნა შეამცირა, რამაც ფასების დროებითი კლება განაპირობა.