აპრილში ფასები 1.5%-ით გაიზარდა - რა გაძვირდა და გაიაფდა ერთ წელში?

აპრილში ფასები 1.5%-ით გაიზარდა - რა გაძვირდა და გაიაფდა ერთ წელში?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა წლიურ ჭრილში 2.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია ასევე 2.3% პროცენტით განისაზღვრა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

  • ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 11%-ით, რაც 1.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (15.1%), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (4.9%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.2%);
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაზრდილია 9.6%-ით, რაც წლიურ ინდექსზე 0.51 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (21.9%), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (15.8%), დაზღვევა (3.9%) და პირადი ჰიგიენა (3.4%);
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.0%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.3%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (3.7%);
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.53 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-12.6%), ბოსტნეული და ბაღჩეული (-7.9%), პური და პურპროდუქტები (-7.6%), რძე, ყველი და კვერცხი (-4.5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5%). ამასთან, ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (37.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (4.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (3.9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (2.6%), კვების სხვა პროდუქტები (2.4%) და თევზეული (0.8%).
წყარო: საქსტატი