აპრილში საბანკო სექტორში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 2.15%-ით გაიზარდა

აპრილში საბანკო სექტორში ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 2.15%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 0.53%-ით, 309.88 მილიონი ლარით გაიზარდა და თვის ბოლოსთვის 58.78 მილიარდ ლარს მიაღწია. ცნობისთვის, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.27% შეადგინა. წლიურ ჭრილში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების მოცულობა 10.15%-ით გაიზარდა.

სებ-ის ცნობით, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 581.76 მილიონი ლარით, 2.15%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 2.10% შეადგინა. თუმცა 0.86%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.29%-ით), 271.88 მილიონი ლარით შემცირდა მოთხოვნამდე დეპოზიტების მოცულობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი აპრილის ბოლოსთვის 47.83%-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.60%-ით არის გაზრდილი.

აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.39% შეადგინა – ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.43%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.71%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 79.63%, ხოლო ევროს წილმა 18.98% შეადგინა.