აქთაუს ავიაკატასტროფის გამო ბაქო რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს

აქთაუს ავიაკატასტროფის გამო ბაქო რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო გასულ წელს „აზერბაიჯანის ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სარჩელს შეიტანს. ავიაკატასტროფას, რომელიც 25 დეკემბერს, ყაზახეთის ქალაქ აქთაუს მახლობლად მოხდა, ბორტზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 ემსხვერპლა.

პრეზიდენტ ალიევის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის მიზეზები „დღესავით ნათელია”, ავიაკატასტროფიდან შვიდი თვის შემდეგაც, ბაქოს რუსეთისგან „არანაირი პასუხი არ მიუღია“. ალიევის ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მიერ მოთხოვნები გაეგზავნა, თუმცა მოსკოვისგან პასუხად მიიღეს მხოლოდ ის, რომ „გამოძიება მიმდინარეობს”.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეფასებით, მსგავსი პოზიცია „კონტრპროდუქტიულია”, რის გამოც ოფიციალურმა ბაქომ რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში წარსადგენად, პორტფოლიოს მზადების შესახებ აცნობა.

ალიევმა „მალაიზიის ავიახაზების” 370-ე რეისის ჩამოვარდნის ფაქტიც გაიხსენა, რომლის გამოძიებასაც ათ წელზე მეტი დრო დასჭირდა და განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ, ათი წელი ველოდოთ, მაგრამ სამართალმა უნდა გაიმარჯვოს. სამწუხაროდ, არსებული გაურკვეველი ვითარება ხელს არ უწყობს რუსეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთს ბაქოს მოთხოვნებიც წარუდგინა, ესენია: რუსეთის მხრიდან დანაშაულის აღიარება, თვითმფრინავის ჩამოგდებაში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, მსხვერპლთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა და AZAL-ისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ცნობისთვის, 25 დეკემბერს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით აზერბაიჯანმა ოფიციალური ანგარიში 4 თებერვალს გამოაქვეყნა. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, სამგზავრო თვითმფრინავი რუსული რაკეტის Pantsir-S-ის მოხვედრის შედეგად ჩამოვარდა. თვითმფრინავი Embraer 190AR ბაქოდან ჩეჩნეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სარჩელის შეტანაზე განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ალიევმა უკრაინის მიმართ ბაქოს ურყევ მხარდაჭერაზეც კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„აზერბაიჯანი ცალსახად მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ეს პოზიცია ურყევია. ჩემი გზავნილი უკრაინელი ხალხისადმი: არასდროს დანებდეთ და არ გაწიროთ თქვენი მიწა მშვიდობის სანაცვლოდ”, – ციტირებს AzerTimes-ი ალიევის სიტყვებს.