3 მარტს საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა, რაც მოჰყვა უკრაინის იმავე გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანამ რუსეთის ათიათასობით სამხედრო დანაყოფის უკრაინაში აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან შემოჭრის შემდეგ მიიღო. 2021 წლის ივნისში ევროპული საბჭოს მიერ უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის თაობაზე წარმოადგინა რეკომენდაციების დოკუმენტი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების შემდეგ.
საქართველოს მთავრობის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანის გადაწყვეტილება მოჰყვა საზოგადოებაში უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობითა და ქვეყნის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებში მონაწილეობის არმიღებით გამოწვეულ უკმაყოფილებას. საქართველომ ჯერ კიდევ 2014 წელს მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი, რასაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გააქტიურება მოჰყვა. მას შემდეგ საქართველო და ევროკავშირი რეფორმების განხორციელებაზე მუშაობდნენ, რომლებიც შეთანხმებისამებრ საქართველოს მთავრობას უნდა შეესრულებინა. 2021 წლის ასოცირების შესრულების შეჯამების მიხედვით, საქართველო „სტაბილურად აგრძელებდა ევროპულ გზაზე სვლას“ და „რჩებოდა „აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ერთგული“. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ხაზს უსვამდა ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებსაც, როგორიცაა სასამართლო სისტემის ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობა. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხებმა ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
2021 წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტი ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე რეფორმების გატარებას შეუდგა. ევროკომისიის მიერ გაწერილი რეფორმების შესრულების შემთხვევაში ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება და ქვეყანას შეეძლება კანდიდატის სტატუსის მოპოვება. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტი არცთუ მონდომებით შეუდგა რეფორმების წამოწყებას, რითაც ქართული საზოგადოება კვლავ იმედგაცრუებული დატოვა.
ევროკავშირის საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი მთავარი პუნქტი ეხება მმართველი პარტიის მიერ დეოლიგარქიზაციის მცდელობას. საქართველოს პარლამენტმა ამ საკითხს ოლიგარქების საწინააღმდეგო კანონმდებლობის შექმნით უპასუხა. თუმცა კანონმდებლობა კარგად ვერ განსაზღვრავს, ვინ შეიძლება იყოს ოლიგარქი. ბევრი მიიჩნევს, რომ მმართველმა პარტიამ სუსტი კანონმდებლობა სპეციალურად წარადგინა, რადგან მის არაფორმალურ მმართველად ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილი რჩება, რომელიც ევროპარლამენტისა და ქართული ოპოზიციის მიერ ოლიგარქად მოიხსენიება.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა რეკომენდაციებში აღნიშნა, რომ საქართველომ რეფორმები 2023 წლისთვის უნდა გაატაროს, „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანებას სერიოზულად არ ეკიდება, რითაც საქართველოს მოსახლეობის სურვილს უგულებელყოფს. 2018 წლიდან საქართველოში აღინიშნებოდა დემოკრატიული უკუსვლა, რადგან მმართველმა პარტიამ ავტოკრატიული პოლიტიკის გატარება დაიწყო, შეაფერხა დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირება და სასამართლო სისტემის პოლიტიზებას ხელი შეუწყო. ასეთმა გამოწვევებმა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ძალიან შეუშალა ხელი.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტია უკრაინის მიმართ სრულად არ გამოხატავს მხარდაჭერას და არც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს უერთდება. ასეთ ვითარებაში პარტიისთვის სასიცოცხლოც კია ევროკომისიის მიერ მითითებული დემოკრატიული რეფორმების გატარება და უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოცხადება.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მმართველ პარტიას არ შეუძლია ევროინტეგრაციასთან მიმართებით საკუთარი რიტორიკის შეცვლა, რადგან საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 80% უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. კითხვა ჩნდება, რამდენ ხანს შეძლებს „ქართული ოცნება“ „ორ სკამზე ჯდომას“ – ერთი მხრივ, დემოკრატიულ მომავალზე და ევროინტეგრაციაზე დაპირებებს და მეორე მხრივ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვნად შეფერხებას. „ქართული ოცნების“ პროევროპული მისწრაფებები, როგორც ჩანს, მხოლოდ და მხოლოდ ფასადურია და პარტიის მიერ საკუთარი ლეგიტიმაციისთვის გამოიყენება. იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციების დროულად გატარებას ვერ შეძლებს, საქართველოს კიდევ რამდენიმე წელი მოუწევს პოლიტიკური გაურკვევლობის ჩაკეტილ წრეში ყოფნა. ასეთი სცენარის შემთხვევაში კი საქართველოს მოსახლეობას ქვეყნის პოლიტიკური გეზის შეცვლის შანსი მხოლოდ 2024 წლის არჩევნებში შეეძლება.