სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობკომპანიის აქციების საჯაროდ შეთავაზებით, საუდის არაბეთი, სულ მცირე, $11. 2 მილიარდის მიღებას გეგმავს. Aramco-ს მხრიდან აქციების გასაყიდად გატანა ქვეყნის ეკონომიკის ნავთობიდან დივერსიფიკაციისა და ახალი მიმართულებებით განვითარების მიზანს ემსახურება.
არსებული გეგმით, საუდის არაბეთის მთავრობა დაახლოებით 1.55 მილიარდი აქციის გაყიდვას გეგმავს – აქციაზე $7.27 ღირებულებით. მეორეული შეთავაზებისას, კომპანია ინვესტორებს აქციებს უკვე 8%-იანი ფასდაკლებით შესთავაზებს. შედეგად, Aramco-ს აქციების საბოლოო ფასი $7.1-დან $7.7-მდე იქნება.
ზოგადად, აქციების მეორეული საჯარო შეთავაზება საკმაოდ იშვიათი პრაქტიკაა თავად რეგიონისთვის. თუმცა მსგავს ხერხს უკვე მიმართეს სხვა კომპანიებმაც, მათ შორის Saudi Telecom-მა და Tadawul Group Holding-მაც, რომელთაც აქციები ბირჟაზე 10%-იანი ფასდაკლებით განათავსეს.
შეთავაზებების დაანონსებიდან მალევე, Saudi Aramco-ს აქციებზე მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. ინვესტორთა დიდი ინტერესის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი – კომპანიის მაღალი, $124 მილიარდის ღირებულების წლიური დივიდენდია. დივიდენდის მოცულობა კომპანიის საჯაროდ დალისტვის შემდეგ 60%-ითაა გაზრდილი. მიუხედავად ამისა, Aramco ამჟამად აქციებს ინვესტორებს ბევრად დაბალ ფასად სთავაზობს, ვიდრე IPO-ს დროს. პირველადი საჯარო შეთავაზებისას კომპანიის აქციების ღირებულება $8.5-ს აღემატებოდა.
აქციების გაყიდვებიდან შემოსული თანხა პრინც მუჰამედ ბინ სალმანის ამბიციური გეგმის განვითარებას მოხმარდება. პრინცს სურს, ქვეყნის ეკონომიკა ნავთობზე ნაკლებად დამოკიდებული გახადოს, ინვესტიციები კი ხელოვნური ინტელექტის, სპორტის, ტურიზმისა და სხვა მიმართულებებით გააფართოოს. საუდის არაბეთი ზედიზედ უკვე მეექვსე კვარტალია, რაც დეფიციტშია. არსებული დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ქვეყანამ ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებიდან $40 მილიარდზე მეტი მოიზიდა.