2024 წელს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ საარჩევნო წელი, რადგან წელს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ტიპის არჩევნებში თავიანთ ქვეყნებში. 26 ოქტომბერს გაიმართება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებიც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მისი ასეთი მნიშვნელობა არაერთი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა მე სამ საკითხს გამოვარჩევდი. პირველი – საპარლამენტო არჩევნები იმართება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ქვეშ და ამ არჩევნების ჩატარების ხარისხი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ბედს ევროინტეგრაციის გზაზე; მეორე – არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე პირველად ტარდება, რაც საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მეტად პროპორციულად ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ვიდრე ეს აქამდე ყოფილა; დაბოლოს, მესამე – საქართველოს ამომრჩევლის 90%, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს ახალი პროცედურებით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უდიდეს სიახლეს წარმოადგენს როგორც ხმის მიცემის, ასევე ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში.
საპარლამენტო არჩევნებს რეფერენდუმად მოიხსენიებენ არჩევნებში ჩართული მხარეები. მმართველი გუნდი მას ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანს უწოდებს, ხოლო ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებები ამ არჩევნებს ევროპულ მომავალსა და რუსეთს შორის რეფერენდუმად მიიჩნევენ.
პოლიტიკურ აქტორებთან ერთად, წლევანდელ არჩევნებს ურთულეს პირობებში ხვდება სამოქალაქო საზოგადოებაც. საქართველოს პარლამენტის მიერ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიღებული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, იგივე რუსული კანონი, ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების არსებობისთვის ქვეყანაში.
თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები
2023 წლის 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, თუმცა იმ დათქმით, რომ ქვეყანა შეასრულებდა ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 წინაპირობას. 9 პირობიდან ერთ-ერთი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას გულისხმობს, მათ შორის – საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას.
ალბათ საინტერესოა, რას გულისხმობს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ამ კრიტერიუმის მიხედვით სად დგას დღეს საქართველო მსოფლიოში. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტის მიხედვით, გულისხმობს არჩევნების ჩატარებას საყოველთაო, თანასწორი, ფარული კენჭისყრით, რომელიც უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოვლენას. ოფიციალური შედეგების კეთილსინდისიერად დათვლასა და გამოქვეყნებას. არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად შეფასებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ არჩევნების დღის კარგად ორგანიზება, არამედ საჭიროა, წინასაარჩევნო კამპანია წარიმართოს ძალადობისგან, დაშინებისგან ან/და ზეწოლა/მუქარისგან დაცლილ გარემოში; სადაც პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიას თანაბარ გარემოში აწარმოებენ და თავისუფლად წარმოადგენენ თავიანთ შეხედულებებს, ხოლო ამომრჩევლები შეძლებენ, მხარი დაუჭირონ სასურველ საარჩევნო სუბიექტებს თავისუფლად, ყოველგვარი შიშის გარეშე. უნდა არსებობდეს მკვეთრი ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის, რათა არ მოხდეს ადმინისტრაციული/ სახელმწიფო რესურსების მხოლოდ ერთი პარტიის სასარგებლოდ გამოყენება. არჩევნების სრული პროცესის თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.
Freedom House-ის 2024 წლის ანგარიშით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ სახელმწიფოს წარმოადგენს, 58 ქულით 100-ქულიან სკალაზე. ხოლო საარჩევნო პროცესებით, ჯერ კიდევ ინარჩუნებს ელექტორალური დემოკრატიის ქვეყნის სტატუსს, 7 ქულით 12-დან, საარჩევნო ქვეკატეგორიაში, პოლიტიკური უფლებების შეფასების ნაწილში. საქართველოს საარჩევნო პროცესებში არაერთი პრობლემური საკითხია, რომლებიც არ არის სრულად თანხვდენილი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შეფასების საერთაშორისო სტანდარტთან, მათ შორის: საარჩევნო კანონმდებლობის არასათანადო აღსრულება პრაქტიკაში; ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება და წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის; სახელმწიფო უწყებების დამოუკიდებლობის ნაკლებობა; ამომრჩეველზე ზეწოლისა და მუქარის ფაქტები, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები და განსხვავებული მიდგომა სახელისუფლებო გუნდისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის; ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობები; წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოყენების კონტროლის მცდელობა; საარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე არასათანადო რეაგირება და დამნაშავეთა დაუსჯელობა.
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთ უდიდესი გამოწვევაა დეზინფორმაცია და საინფორმაციო მანიპულაციები, განსაკუთრებით – ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში. საქართველო წარმოადგენს საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის როგორც შიდა, ისე გარე სამიზნეს, რაც არღვევს ამომრჩევლის საარჩევნო უფლებას, გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.
სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა და მიმდინარე საარჩევნო კამპანია
2017 წელს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, პირველად წელს არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ტარდება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს პარტიული სიების საფუძველზე აირჩევენ. იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მოახერხოს პარლამენტში მოხვედრა, მან უნდა დააგროვოს ამომრჩეველთა ხმების 5% მაინც.
სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან იგი უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების უფრო პროპორციულ ასახვას საქართველოს პარლამენტში. თუკი პარტიული სიით მიღებულ ხმებს ადრე მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობაც ემატებოდა, ახლა ეს ასე აღარ მოხდება. თუმცა გამოწვევები მაინც რჩება.
პირველი – ეს არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ-საარჩევნო კონტექსტის გათვალისწინებით, კვლავ მაღალია. გარდა იმისა, რომ 5%-ზე დაბალი მხარდაჭერის პარტია ეთიშება მანდატების განაწილებას, მის სასარგებლოდ მიცემული ამომრჩეველთა ხმაც იკარგება. რაც შედეგად ხელს უწყობს ბარიერგადალახული პარტიათა მანდატების არაპროპორციულ განაწილებას. საარჩევნო ბარიერთან ერთად პრობლემას წარმოადგენს საარჩევნო ბლოკების გაუქმება კანონმდებლობით. თუკი ადრე ბარიერის დაძლევის მექანიზმი რამდენიმე პარტიის გაერთიანება და საარჩევნო ბლოკის შექმნა იყო, ახლა ეს შეუძლებელია. მეტიც, 2023 წლის ცვლილებების თანახმად, დაუშვებელია ერთი პარტიის სიაში ნომინირებული იყოს სხვა პარტიის წევრი. ამ პრობლემათა ერთობლიობამ პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი აიძულა ეფიქრა გამოსავლებსა და ახალ სტრატეგიებზე. შედეგად, ვიხილეთ რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და ლიდერის გამსხვილება/კოალიციების ჩამოყალიბება, მათ შორის პოლიტიკოსთა მხრიდან საკუთარი პარტიების დატოვებისა და სხვა პარტიულ სიაში ნომინირების პროცესი. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია გაიარა 24-მა საარჩევნო სუბიექტმა, ხოლო სიები წარადგინა 19-მა მათგანმა.
მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს ახსოვდეს, რომ თუ მან ხმა მისცა ისეთ პარტიას, რომელიც ვერ გადალახავს საარჩევნო ბარიერს, ეს მისთვის სასურველი საარჩევნო სუბიექტი ვერ მოხვდება საქართველოს პარლამენტში და მისი ხმა დაიკარგება. ამის საილუსტრაციოდ საინტერესოა 2020 წლის არჩევნების მაგალითი – არჩევნები ჩატარდა 1%-იანი საარჩევნო ბარიერით და პარლამენტში მოხვდა 9 პოლიტიკური პარტია. 5%-იანი საარჩევნო ბარიერით ჩატარების შემთხვევაში პარლამენტში 9 პოლიტიკური პარტიის ნაცვლად მოხვდებოდა მხოლოდ 2, ამომრჩეველთა ხმების დაახლოებით 24% კი დაიკარგებოდა.
ელექტრონული ტექნოლოგიები არჩევნებში
წელს ამომრჩეველთა 90% ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით მისცემს. თუმცა რჩება 25% პროცენტი უბნებისა, სადაც კენჭისყრა ძველი წესით ჩატარდება. ტრადიციული ხმის მიცემის პროცედურებით ჩატარდება არჩევნები ქვეყნის ფარგლებს გარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებშიც.
არაერთი შეკითხვა დაისვა, იყო თუ არა ეს ელექტრონული არჩევნები ინტერნეტით ხმის მიცემა, დისტანციურად კენჭისყრა თუ სხვა, უცხო პროცედურა. სინამდვილეში ამომრჩეველი ხმას კვლავ ფურცლის ბიულეტენით აძლევს, თუმცა ამ პროცესს ის გადის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების მეშვეობით. პირველი ტექნოლოგია ეს არის ამომრჩევლის ვერიფიკაციის აპარატი – ანუ ე.წ. პლანშეტი ნაცვლად ადრე არსებული სამაგიდე სიებისა, რომლებზეც ამომრჩეველი იდენტიფიცირებას ახდენს საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით; მეორე – ხმის მთვლელი აპარატი, სადაც ბიულეტენს სასურველი სუბიექტის მონიშვნის შემდეგ ვათავსებთ ჩარჩო-კონვერტის დახმარებით – ანუ სკანერში მოთავსება ნაცვლად ადრე არსებული კონვერტში მოთავსებისა და შემდეგ ყუთში ჩაგდების წესისა. ახალ საარჩევნო პროცედურებში ყველაზე მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს ახსოვდეს, რომ სასურველი პოლიტიკური გაერთიანების წინ არსებული მხოლოდ ერთი წრე უნდა გააფერადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ხმა ბათილად ჩაითვლება.
საზოგადოებას უკვე საკმაოდ დიდი ხანია ესმის, რომ ახალი ელექტრონული ტექნოლოგიები დაინერგა და ყველანაირი საარჩევნო პრობლემა მოიხსნა. თუმცა მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რომ არჩევნები ერთი დღე არ არის, ეს არის წინასაარჩევნო პერიოდი, არჩევნების დღე და არჩევნების შემდგომი პერიოდი, რომელთაგან ყველა თანაბრად მნიშვნელოვანია. ასევე არჩევნების დღე არ არის მხოლოდ საარჩევნო უბნის შიგნით მიმდინარე პროცესი, არამედ საარჩევნო უბნის გარეთ შექმნილი გარემოც: შესაძლო ზეწოლა ამომრჩეველზე, დაშინება, მუქარა – ის საკითხები, რასაც ელექტრონული ტექნოლოგიები ვერ მოაგვარებს. გარდა ამისა, დანერგილი ელექტრონული ტექნოლოგიები ამცირებს რიგ ტექნიკურ თუ ადამიანურ შეცდომებს, თუმცა კვლავ რჩება საარჩევნო მანიპულაციის სივრცე არაკეთილსინდისიერი საარჩევნო კომისიის წევრთა პირობებში. სწორედ ამიტომ აქვს განუზომლად დიდი მნიშვნელობა არჩევნებზე დაკვირვებას და ამიტომ არიან ყველაზე დიდი დისკრედიტაციის სამიზნე სადამკვირვებლო ორგანიზაციები. დაბოლოს, ეუთო/ოდირის შეფასების მიხედვით, ელექტრონულ ტექნოლოგიებს კი არ მოაქვს არჩევნებში პროცესის მიმართ თავისთავად ნდობა, არამედ მნიშვნელოვანია სახელმწიფოში მანამდე არსებობდეს ნდობა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიმართ.
სამახსოვრო ამომრჩეველს
წლების განმავლობაში დაგროვილმა საარჩევნო გამოცდილებამ გვასწავლა, რომ საარჩევნო მანიპულაციის თუ გაყალბების მცდელობის სივრცე უსასრულო არ არის. ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა და საკუთარ უფლებებში გათვითცნობიერებული, ინფორმირებული ამომრჩეველი მნიშვნელოვნად ამცირებს საარჩევნო მანიპულაციების რისკს.
- ერთი ხმაც გადამწყვეტია – ყველა ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია როგორც სასურველი პოლიტიკური პარტიის შედეგებისთვის, ასევე პროცესის დაცვისთვის. უბანზე მისული თითოეული ამომრჩეველი ამცირებს საარჩევნო მანიპულაციის რისკს.
- ხმის მიცემა ფარულია – უნდა გვახსოვდეს, რომ ხმის მიცემა ფარულია და შეუძლებელია ამომრჩევლის ნების გადამოწმება. ეს შეუძლებელია ახალი ტექნოლოგიების პირობებშიც, რადგან ბიულეტენი არ შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელიც დააკავშირებს მას ამომრჩეველთან.
- ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღება აკრძალულია – ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო კაბინაში ფოტო- და ვიდეოგადაღება აკრძალულია. არავის აქვს უფლება აიძულოს ამომრჩეველი, შეასრულოს უკანონო დავალება.
- საჯარო მოსამსახურე დამოუკიდებელია – საჯარო მოხელეებმა, სკოლებისა და ბაღების პედაგოგებმა, საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულმა ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ისინი ემსახურებიან სამშობლოს და არა აქვთ ვალდებულება, შეასრულონ პარტიული დავალებები. მათ იცავთ კანონი.
არჩევნები პოლიფონიური მუსიკასავითაა, მრავალხმიანი, სადაც თითოეულ ხმას თავისი უნიკალური ჟღერადობა აქვს. ჩვენ ყველა ერთად და ცალ-ცალკე ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს, სადაც თითოეული ხმა გადამწყვეტია.