არგენტინაში ინფლაციამ 250%-ს გადააჭარბა - რა გეგმა აქვს ხავიერ მილეის?

არგენტინაში ინფლაციამ 250%-ს გადააჭარბა - რა გეგმა აქვს ხავიერ მილეის?

მიმდინარე წლის პირველი თვე არგენტინის ეკონომიკისთვის არც ისე სახარბიელო გამოდგა – იანვარში ქვეყნის წლიური ინფლაციის დონემ 254.2%-ს მიაღწია, რაც სამი ათწლეულის მაქსიმუმია.

მაღალ ფასებთან ბრძოლა მოუწევს ხავიერ მილეის, ლიბერტარიანელ ეკონომისტს, რომელიც ნოემბერში პრეზიდენტად აირჩიეს და რომელმაც პირობა დადო, რომ ინფლაციის ქრონიკულ კრიზისს დაასრულებდა.

წინა თვეში მილეიმ აღნიშნა, რომ ინფლაციის მაჩვენებლის 25%-ს ქვემოთ დაწევა „აღნიშვნის ღირსი“ და მისი სტრატეგიის წარმატების მაჩვენებელი იქნებოდა.

იანვარში ხავიერ მილეის აღნიშვნის საბაბი ნამდვილად ექნებოდა, რადგან, მიუხედავად წლიური ინფლაციის მკვეთრი ზრდისა, თვიური მაჩვენებელი 20.6%-მდე შემცირდა = – 2023-ის დეკემბერში ინფლაცია 25.5%-ს შეადგენდა, რაც არგენტინული პესოს მკვეთრმა დევალვაციამ და წინა მთავრობის დროინდელი ფასების კონტროლის შეთანხმებების გაუქმებამ განაპირობა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ლიბერტარიანელი მილეის ფისკალური პოლიტიკა ინფლაციის მაჩვენებლის ზრდას შეაკავებს, თუმცა ჩნდება რეცესიის რისკი – საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, არგენტინის ეკონომიკა წელს 2.8%-ით შემცირდება.

არგენტინის პრეზიდენტი საბიუჯეტო ხარჯვისა და მთავრობის ზომის შემცირებას ცდილობს, გეგმავს, გააუქმოს ენერგიისა და ტრანსპორტის სუბსიდიები, რამაც მომდევნო თვეებში ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოახდინოს. თებერვლიდან კომპანიები, მათი ზომის მიხედვით, ენერგიის გადასახადების გაორმაგებას ან გაოთხმაგებას მოელიან.

მას შემდეგ, რაც მილეიმ 124 მილიონი დოლარის სატრანსპორტო სუბსიდიები გააუქმა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ავტობუსებსა და მეტროში ტარიფები 360%-ით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ერთ დოლარად დაახლოებით 820 პესოს ყიდვაა შესაძლებელი, თუმცა ფასი კიდევ უფრო დაბალია შავ ბაზარზე და, Financial Times-ის თანახმად, ერთ დოლარად 1,150 პესოს ყიდვაა შესაძლებელი.

ოფიციალურ და არაოფიციალურ კურსს შორის სხვაობა დიდი პრობლემაა, რამეთუ არგენტინელი ექსპორტიორები ვაჭრობით მიღებულ დოლარებს არა ოფიციალური კურსით, არამედ შავ ბაზარზე გადაცვლიან და უფრო მეტი პესოს შეძენის საშუალება ექნებათ. არადა, ცენტრალური ბანკისთვის უცხოური ვალუტის რეზერვის შევსება არსებითია. გარდა ამისა, განსხვავებული კურსები მილეისაც საქმეს ურთულებს, დაასრულოს ეროვნული ვალუტის კურსის კონტროლი.

არგენტინის მთავრობამ პესო 54%-ით გააუფასურა დეკემბერში, მას შემდეგ კი თვიური გაუფასურების ტემპი 2%-ია.

ხავიერ მილეის ეკონომიკური გეგმისთვის ინფლაციის მოთოკვა და გაცვლით კურსის კონტროლი გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, რამეთუ მის La Libertad Avanza-ს კოალიციას კონგრესში ადგილების 15%-ზე ნაკლები უჭირავს და პოლიტიკურ წინააღმდეგობებს სხვადასხვა მხრიდან აწყდება.