Forbes-ის მონაცემებით, 76 წლის ავსტრიელ-ამერიკელი მსახიობისა და ბიზნესმენის, არნოლდ შვარცენეგერის ქონებამ $1 მილიარდს გადააჭარბა. შვარცენეგერმა სამსახიობო კარიერისას დაგროვებული დოვლათი, აგრესიული საინვესტიციო მეთოდებით დიდ სიმდიდრედ გარდაქმნა.
არნოლდ შვარცენეგერის სამსახიობო კარიერა 1970-იან წლებში, ავსტრიიდან აშშ-ში ჩასვლიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ იმ მომენტისათვის, როდესაც შვარცენეგერმა ცნობილ ფილმებში მთავარი როლები მიიღო, ის უკვე მილიონერი გახლდათ. თავდაპირველი ინვესტიციები კი კალიფორნიაში უძრავ ქონებაში განახორციელა.
Forbes-ის ინფორმაციით, ფილმ „ტერმინატორში“ მონაწილეობისთვის მან $750,000 აიღო. 90-იან წლებში კი სხვადასხვა სახის მძაფრსიუჟეტიან ფილმებში მონაწილეობით $25-30 მილიონი გამოიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ არნოლდ შვარცენეგერის ქონების ფუნდამენტს ფილმებში მონაწილეობიდან შემოსავალი წარმოადგენს, მან სხვადასხვა პროექტში ინვესტირება 90-იანი წლებიდან დაიწყო.
ინვესტირების დასაწყისში, მისი ინტერესი კომერციულ და საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე იყო კონცენტრირებული. მოგვიანებით შვარცენეგერმა საფონდო ბირჟებზეც გადაინაცვლა. მსახიობი Starbucks-ის ერთ-ერთი პირველი აქციონერიც გახლავთ. შვარცენეგერმა 90-იან წლებში შეისყიდა Google-ის აქციებიც. გარდა ამისა, მან ადრეულ ეტაპზე შეიძინა ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ფირმის, Dimensional Fund Advisors-ის 5%-იანი წილი. ეს კომპანია დღეს დაახლოებით 60-ჯერ დიდია და $700 მილიარდის მოცულობის აქტივებს აკონტროლებს. მხოლოდ აღნიშნულ კომპანიაში მისი წილის მოცულობა დაახლოებით $500 მილიონს შეადგენს.