რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჩინეთის თანამშრომლობისა და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმართულმა აგრესიამ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს პეკინთან ურთიერთობების გადაფასებისკენ უბიძგა. მაშინ როდესაც ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა 16+1-ის ინიციატივა (ახლა უკვე 14+1) დატოვეს, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მთავარი ფორმატია, ჩეხეთიც განიხილავს ინიციატივიდან გასვლას. ამ ქვეყნების გადაწყვეტილება განპირობებული იყო 16+1-ის ფორმატის წევრობის სარგებლიანობის ნაკლებობით, პეკინის ტაივანის მიმართ წნეხითა და ტაივანისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავების მიმართ პეკინიდან უარყოფითი დამოკიდებულებით. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ქვეყნების ეკონომიკა ევროკავშირის ფარგლებში ყველაზე სწრაფად იზრდება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, რეგიონის ქვეყნების განუვითარებელი ინფრასტრუქტურა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით ეკონომიკური ჩამორჩენილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
გასული ათწლეულის განმავლობაში ჩინეთსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ინვესტიციებზე დაფუძნებული თანამშრომლობა სტაბილურობით გამოირჩეოდა. თუმცა 2020 წელს ის შეფერხდა, რადგან რეგიონის მთავრობებისთვის ჩინეთთან უთანასწორო სავაჭრო ურთიერთობები მოგებიანი არ იყო. ამასთანავე ჩინური ბაზარი კვლავ ხელმიუწვდომელი რჩებოდა, ხოლო დაპირებები ფართომასშტაბიან ინვესტიციებთან დაკავშირებით – განუხორციელებელი. რეგიონის ქვეყნებმა ასევე გაიაზრეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების მაღალი რისკებიც, რომლებიც ავტორიტარული „ჩინური მოდელის” გავრცელებას უწყობს ხელს და რუსეთის მსგავს „აგრესიულ პოლიტიკასაც” ახორციელებს. აზიის კვლევების ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის უახლესი კვლევის მიხედვით, ჩინური ინვესტიციების ოდენობა საკმაოდ დაბალია რეგიონში და ბევრად ჩამოუვარდება იმავე მაჩვენებელს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ჩინურ 16+1 პლატფორმას „მკვდარ“ ინიციატივად მიიჩნევენ და ეკონომიკური პრობლემების გათვალისწინებით სურთ ჩინური ინიციატივის ალტერნატივებით ჩანაცვლება.
ასეთი ალტერნატივა შეიძლება იყოს „სამი ზღვის ინიციატივა“, რომლისთვისაც რეგიონში ჩინური საინვესტიციო ინიციატივების თანდათანობით დაშლა ხელის მომცემია. ეს ეკონომიკური პლატფორმა რეგიონის 12 ქვეყანას მოიცავს. ესენია: ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკია და სლოვენია. „სამი ზღვის ინიციატივა“ 2015 წელს ხორვატიისა და პოლონეთის მიერ დაფუძნდა და მისი მიზანი რეგიონის ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ენერგოუსაფრთხოების, ციფრული ეკონომიკისა და სატრანსპორტო კავშირების ხელშეწყობაა. ინიციატივის შთაგონების წყარო რეგიონის მოსაზღვრე ადრიატიკის, ბალტიისა და შავი ზღვები გახდა. როგორც პოლიტიკური პლატფორმა, ინიციატივა მოიცავს 12 ქვეყანას და მას მხარს უჭერს ისეთი აქტორები, როგორებიცაა ევროკომისია, გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები.
რუსეთის გავლენის შეჩერებისთვის აუცილებელ გეოპოლიტიკურ პოტენციალთან ერთად, „სამი ზღვის ინიციატივა“ ჩინური ინიციატივების საპირწონე შეიძლება გახდეს რეგიონში. პეკინის გეოპოლიტიკური ამბიციების დაპირისპირებასთან ერთად, პროექტს შეუძლია აშშ-ის ევროპელი მოკავშირეების ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და რეგიონში ჩინური გავლენის შერბილება. ინიციატივა ძალიან სპეციფიკური და ამბიციურია, რადგან ჩრდილოეთ-დასავლეთის ღერძის გარშემო არსებულ ქვეყნებს ახასიათებთ შედარებით მცირე ბაზარი და ინვესტიციების ნაკლებობა, რაც „სამი ზღვის ინიციატივისთვის“ შესაძლოა, პრობლემატური გახდეს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, რეგიონში ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ეკონომიკურ ზრდას უშლის ხელს. ჩინეთის ნაკლებად გამჭვირვალე პროექტებთან შედარებით, რომლებიც სუსტ მმართველობასთან, კორუფციასა და ფინანსურ პრობლემებთანაა დაკავშირებული, „სამი ზღვის ინიციატივა“ დემოკრატიული დასავლეთის მიერაა დაფუძნებული და შესაძლოა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს არსებული პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს და მისი ეკონომიკა უფრო სტაბილური გახადოს. აღსანიშნავია, რომ „სამი ზღვის ინიციატივის“ 12 წევრი-ქვეყანა ერთობლივად ევროკავშირის ტერიტორიის 30%-ს შეადგენს და მისი მოსახლეობის 22%-ს, მაშინ როდესაც ის მხოლოდ ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ს შეადგენს. ასეთი ეკონომიკური ვითარება სწორედ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაკლებობითაა გამოწვეული, რომელიც რეგიონის ქვეყნებს ერთმანეთთან დააკავშირებდა. „სამი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივის ფარგლებში რეგიონში ჯერჯერობით არ განხორციელებულა, დიდი პროექტები და მათი გავლენა ჯერ ისევ სუსტია, „ინიციატივას“ აქვს საკუთარი ფონდი, რომელსაც მხარს აშშ და ასევე დიდი ბრიტანეთი უჭერს მხარს, რომელსაც ბრექსიტის შემდგომ პერიოდში რეგიონზე გავლენის შენარჩუნება სურს.
„შავი ზღვის ინიციატივის“ გარდა არსებობს ევროკავშირის მიერ შექმნილი „გლობალური კარიბჭის ინიციატივა“, რომელიც 2021 წლის დეკემბერს შემუშავდა. ინიციატივის ფარგლებში, 2021 და 2027 წლებში, ევროკავშირმა პირობა დადო, რომ 300 მილიარდ ევროს გამოყოფს პარტნიორ ქვეყნებში ინფრასტრუქტურის პროექტებში ინვესტირებისთვის. ინიციატივა ჩინური „სარტყლისა და გზის პროექტის“ ალტერნატივაა და მიზნად ისახავს ევროკავშირის „კავშირების და არა გავლენის ბერკეტების“ განვითარებას. „გლობალური კარიბჭის“ მთავარი მიზანი მსოფლიო დონეზე ციფრულ, ენერგიისა და სატრანსპორტო სფეროებში ინვესტიციების გზით პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობაა, რომელსაც ასევე შეუძლია გლობალურ დონეზე ჯანდაცვის, განათლებისა და საკვლევი სისტემების გაუმჯობესება. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიხედვით, ევროკავშირს სურს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან კავშირების განვითარება და გლობალური პრობლემების უკეთ მოგვარების მიზნით უფრო ჩართული თანამშრომლობა.
დღეისათვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო რწმუნდებიან, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა უსაფრთხოების დიდ რისკებს მოიცავს. ამავდროულად, 14+1 ათი წლის განმავლობაში ჯერ კიდევ არ გამხდარა რეგიონისთვის მომგებიანი. სამი ზღვის ინიციატივა და გლობალური კარიბჭის ინიციატივები კი ერთმანეთთან თავსებადია და ორივე პროექტის ერთობლივი ძალისხმევით, რეგიონის ქვეყნებს შორის კავშირებისა და ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მოზიდვა შესაძლებელია. თეორიულად, სამი ზღვისა და გლობალური კარიბჭის ინიციატივების ფარგლებში შესაძლებელია ჩინური 14+1-ის ინიციატივის ჩანაცვლება. მიუხედავად ამისა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ბევრია სამუშაო ამ მიზნების მისაღწევად და ამასთანავე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი საჭიროებს ეკონომიკურ წინსვლას, როგორც გრძელვადიან ისე მოკლევადიან პერიოდში. აქედან გამომდინარე, რეგიონის ქვეყნებისთვის რთულია თუნდაც არასასურველ ჩინურ ინვესტიციებზე უარის თქმა. ასეთ სიტუაციაში კი სასიცოცხლოა ევროკავშირისა და აშშ-ის რეგიონთან აქტიური ჩართულობა და მათ მიერ ჩინეთის მიმართ ერთობლივი და თანამიმდევრული სტრატეგიის შემუშავება და გატარება.