ეკონომისტმა რამაზ გერლიანმა გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვის მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ არსებული პრობლემები არის უცხოური ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად რამაზ გერლიანი სახელმწიფოს მხრიდან მსხვილ საინვესტიციო პროექტებში ჩარევას ასახელებს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის თუ კონკრეტული მინისტრების ცვლილება ხშირად საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე გავლენას ახდენს, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება. . ამის მაგალითად გერლიანი ანაკლიისა და “ციფრული აბრეშუმის გზის” პროექტებს ასახელებს.
“ინვესტიციებთან დაკავშირებით მთავარია სახელმწიფოს მიდგომა. სახელმწიფომ გამოაცხადა, რომ მან ცენტრალური როლი უნდა შეასრულოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა „ანაკლია“, ან მათ შორის იგივე „ციფრულ აბრეშუმის გზასთან“ მიმართებით. ჩვენ ვხედავთ, რომ როგორც კი კაბინეტი იცვლება, იცვლება მიდგომაც. როგორც კი შეიცვალა მთავრობა, შეიცვალა ანაკლიის მიმართ მიდგომა და პროექტი გაიჭედა და ჩავარდა. შეიცვალა კაბინეტი? ვნახეთ, რომ უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტი. ალბათ მოსახლეობას ჯერ კიდევ არა აქვს ბოლომდე აღქმული, თუ რამდენად დიდ პროექტზე არის საუბარი და ჩვენ როგორ შეიძლება ჩამოვრჩეთ ამ ძვირფასი დროის დაკარგვის გამო, მაშინ როდესაც კანონიდან პრაქტიკულად უმნიშვნელო გადაცდომის გამო შეიქმნა ეს პრობლემა. ეს კანონიც მერე “შეკერეს” ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და არა მაშინ, როდესაც ეს პროცესი რეალურად ხდებოდა. ეს მოხდა იმისთვის, რათა პირდაპირი დირექტივის სახით კომპანიაში სპეციალური მმართველი დაენიშნათ. არც ერთი საერთაშორისო ინვესტორი ასეთ ქვეყანაში არ განახორციელებს ინვესტიციას, როდესაც მას არა აქვს გარანტია, რა მოხდება ხელისუფლების ცვლილების, ან თუნდაც მინისტრთა ცვლილების შემდეგ, როდესაც გარემო იცვლება”,- აცხადებს რამაზ გერლიანი.
შეგახსენებთ, 2020 წლის ოქტომბრიდან კომპანია “კავკასუს ონლაინში” კომუნიკაციების კომისიის მიერ სპეციალური მმართველი არის დანიშნული. ქართული სახელმწიფოს მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიის ახალი ინვესტორი და მესაკუთრე Neqsol Holding-ი “კავკასუს ონლაინის” საკუთრებაში არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გამოყენებით ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ახალი ციფრული დერეფნის პროექტის განხორციელებას გეგმავდა.
კომუნიკაციების კომისია დავობს, რომ “კავკასუს ონლაინის” მფლობელმა კომპანიამ მათთან წილის ნასყიდობა წინასწარ არ შეათანხმა, რითაც რეგულირების წესი დაარღვია. ამის გამო, კომისიამ კომპანია რამდენჯერმე დააჯარიმა, 2020 წლის ოქტომბერში კი მასში სპეციალური მმართველიც დანიშნა. კომისიის განცხადებით, სპეციალური მმართველის მოვალეობას წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება წარმოადგენს, თუმცა იურისტების შეფასებით ეს შეუძლებელია, რადგან “კავკასუს ონლაინს” არ შეუძლია, შეცვალოს მის მფლობელ კომპანიებს შორის დადებული გარიგება. თავად Neqsol Holding-ი კი აღნიშნავს, რომ მათ “კავკასუს ონლაინის” შესყიდვამდე კომისიის თანხმობა არ სჭირდებოდათ, რადგან გარიგება საქართველოს იურისდიქციაში არ დადებულა. ამასთანავე, კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პროექტის შესახებ საქართველოს მაშინდელი მთავრობა ინფორმირებული იყო.
მხარეებს შორის დავა ამჟამად მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს.