აშშ აბუ-დაბიში AI-ის მასშტაბურ მონაცემთა ცენტრს ააშენებს

აშშ აბუ-დაბიში AI-ის მასშტაბურ მონაცემთა ცენტრს ააშენებს

ახლო აღმოსავლეთის აშშ-ის პრეზიდენტის ოთხდღიანი ვიზიტი დასრულდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, საუდის არაბეთთან, კატართან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან 2 ტრილიონ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო შეთანხმებები გაფორმდა. გარიგებები თავდაცვის, ავიაციის, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა სტრატეგიულ დარგებს მოიცავს. ტრამპის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში, მასთან ერთად რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებთან შესახვედრად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად ამერიკული ბიზნესის ათეულობით წამყვანი ფიგურაც იმყოფებოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში საქმიანი მოგზაურობა არაბთა გაერთიანებული საამიროებში დაასრულა. ტრამპის განცხადებით, საამიროებში მისი ვიზიტის დღეს 200 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კომერციული გარიგებები გაფორმდა.

მათ შორის, აშშ-ისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობებმა ამერიკის გარეთ ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დიდი მონაცემთა ცენტრის მშენებლობა ერთობლივად დააანონსეს. როგორც ცნობილია, პროექტი აბუ-დაბიში, ადგილობრივი კომპანია G42-ის მიერ განხორციელდება. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მონაცემთა ცენტრი დაახლოებით 26 კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ ტერიტორიას მოიცავს და 5-გიგავატიან სიმძლავრეს მიაღწევს.

ამ პროექტის გარდა, ტრამპის ვიზიტის პარალელურად, Etihad Airways-მა აშშ-ში 14.5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დააანონსა და 28 ერთეული Boeing 787 და 777X ტიპის თვითმფრინავის შეძენაზე მიაღწია შეთანხმებას, რომლებიც General Electric-ის ძრავებით იქნება აღჭურვილი.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ Emirates Global Aluminum-ი აშშ-ის შტატ ოკლაჰომაში ალუმინის გადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობაში 4 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიციას ჩადებს.