აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი გეგმავს, დღეს საზოგადოებას ბირთვული სინთეზის გზით ენერგიის მიღების კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატების შესახებ დეტალები გააცნოს. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
საკითხთან დაკავშირებული წყაროს ინფორმაციით, კალიფორნიაში მდებარე ლოურენსის სახელობის ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერებმა ლაზერების გამოყენებით ბირთვული სინთეზის ექსპერიმენტისას პირველად შეძლეს, დახარჯულზე მეტი ენერგია მიეღოთ. ცნობისთვის, ამას ენერგეტიკულ ეკონომიკაში ენერგიის წმინდა მოგებას (NEG) უწოდებენ.
როგორც ჩანს, მეცნიერებმა გადალახეს მთავარი ეტაპი პროცესში, ათწლეულების განმავლობაში მრავალმილიარდ დოლარიანი კვლევებით შეექმნათ ტექნოლოგია, რომელიც შეუზღუდავი, იაფი და სუფთა ენერგიის მიღებას უზრუნველყოფდა. ამას სპეციალისტები ისეთივე რეაქციის წარმართვით აღწევენ, როგორიც ჩვენს მზესა და კოსმოსში არსებულ სხვა ვარსკვლავებში ენერგიის გამოთავისუფლებისას მიმდინარეობს.
მეცნიერები აღნიშნული პროცესის წარმართვისთვის ცელსიუსის სკალით მილიონობით გრადუს ტემპერატურაზე ატომებს ერთმანეთთან შეჯახების საშუალებას აძლევენ, რაც უფრო ძლიერ ბირთვს აყალიბებს. თეორიულად, ამ გზით იმ რაოდენობის მდგრადი ენერგია უნდა გამოიყოს, რომელიც კაცობრიობის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას შეამცირებს.
კლიმატის კრიზისთან ბრძოლის კუთხით სარგებლის გარდა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს მსოფლიოს ღარიბი ნაწილის იაფი ელექტროენერგიით მომარაგებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერები მსგავსი ტექნოლოგიის შექმნაზე 1950-იანი წლებიდან მუშაობენ. სპეციალისტების შეფასებით, ბირთვული სინთეზის გზით მიღებული ენერგიის კომერციული გამოყენებისგან ჯერ კიდევ სულ მცირე ათწლეული გვაშორებს. ამის მიუხედავად, სავარაუდოდ, ბაიდენის ადმინისტრაცია ბოლო პერიოდში განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს დადებითად შეაფასებს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ წლების განმავლობაში მთავრობის მიერ პროექტში ჩადებულმა ინვესტიციამ გაამართლა.