გუშინ ლონდონში აშშ-ისა და ჩინეთის მაღალი რანგის დელეგაციებს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები გაიმართა. აშშ-ის დელეგაციაში სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი სკოტ ბესენტი, ვაჭრობის მინისტრი ჰოვარდ ლუტნიკი და სავაჭრო საკითხებში წარმომადგენელი ჯემისონ გრირი შედიან, ჩინეთის დელეგაციას კი ვიცე-პრემიერი ჰე ლიფენგი ხელმძღვანელობს. როგორც ჩანს, მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად ერთი დღე საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში მოლაპარაკებები დღეს განახლდება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები აზიური სახელმწიფოს მიერ იშვიათი მიწა-მეტალების ექსპორტის კონტროლის გამკაცრებას შეეხება, რამაც გლობალური მიწოდების ჯაჭვის შოკი და ეკონომიკური ზრდის შენელება გამოიწვია.
ინვესტორები იმედოვნებენ, რომ ორი ზესახელმწიფო სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას შეძლებს მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ჟენევაში მიღწეული შეთანხმების შემდეგ ვაშინგტონმა პეკინი ისეთი საქონლის ექსპორტის დაბლოკვაში დაადანაშაულა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სექტორებისთვის, როგორიცაა ავტოინდუსტრია, აერონავტიკა, ნახევარგამტარები და თავდაცვის სფეროები.
მოლაპარაკებები ორივე ეკონომიკისთვის კრიტიკულ დროს იმართება – ჩინეთის ექსპორტი აშშ-ში მაისში 34.5%-ით შემცირდა, რაც ყველაზე მკვეთრი ვარდნაა 2020 წლის თებერვლიდან, როდესაც კორონავირუსის პანდემიის აფეთქებამ გლობალური ვაჭრობა შეანელა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ინფლაციასა და სამუშაო ბაზარზე გავლენა ჯერჯერობით შემცირებულია, დოლარი კვლავ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის ზეწოლას განიცდის.
აღსანიშნავია, რომ ლონდონში მოლაპარაკებების დანიშვნას წინ უსწრებდა დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის სატელეფონო საუბარი, რაც 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მათი პირველი პირდაპირი ურთიერთობა იყო. ზარის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ სი ძინპინი აშშ-ში იშვიათი მიწა-მეტალებისა და სხვა მნიშვნელოვანი მინერალების მიწოდების განახლებაზე თანახმაა.