ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინური საქონლის იმპორტზე ტარიფების ზრდა დააანონსა. ელექტრომობილების, ნახევარგამტარების, მზის ბატარეებისა და ფოლადის იმპორტზე ტარიფების ზრდა აშშ-ის ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვას ემსახურება მიზნად.
ვაშინგტონში შიშობენ, რომ ჩინეთი, აშშ-ის ბაზარზე იაფფასიანი პროდუქციის ექსპორტის ზრდით, საკუთარი ეკონომიკის გაძლიერებას შეეცდება. თეთრი სახლის ინფორმაციით, ახალი, 100%-იანი ტარიფი დაწესდება ჩინურ ელექტრომობილებზე – ოთხჯერ ზრდა არსებული 25%-იანი ტარიფიდან, ასევე გაორმაგდება მზის ბატარეების იმპორტზე დაწესებული 25%-იანი გადასახადი.
თეთრი სახლის განცხადებით, ახალი ტარიფებით $18 მილიარდის ღირებულების ჩინური საქონელი დაზარალდება. პირველ ეტაპზე მატება მხოლოდ იმ ლითიუმის ბატარეებს შეეხება, რომლებითაც ელექტრომობილები იმუხტება. მსგავსი სახის ლითიუმის ბატარეების იმპორტზე ტარიფი წელს 7.5%-დან 25%-მდე გაიზრდება. ახალი რეგულაციები, 2026 წლამდე, ყველა სახის ლითიუმის ბატარეებს დაფარავს.
თეთრი სახლის განცხადებით, ახალი ტარიფები ასევე დაწესდება სამედიცინო პროდუქტებზე, როგორიცაა რესპირატორები და სახის ნიღბები, ასევე ფოლადისა და ალუმინის პროდუქციაზე. ყველა ამ შემთხვევაში, 2024 წელს გადასახადები 0%-დან 7.5%-მდე და 25%-მდე გაიზრდება. კრიტიკული მინერალების ექსპორტირების ტარიფები წელს 0%-დან 25%-მდე გაიზრდება, ხოლო ნახევარგამტარების 50%-იანი ტარიფი 2025 წელს გაორმაგდება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი სავარაუდოდ გააუარესებს უკვე დაძაბულ ურთიერთობებს პეკინსა და ვაშინგტონს შორის, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ახალი ზომები აუცილებელია „ჩინეთის უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის შესაჩერებლად“ და აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად.