შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის დასასრულს, ქვეყნები ტექნოლოგიებისა და სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სექტორებში შეთანხმებებს გააფორმებენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობა და პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი იმედოვნებენ, რომ ტრამპის ვიზიტი უფრო დაბალ ტარიფებზე შეთანხმებით დასრულდება.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა შეერთებულ შტატებთან თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სექტორებში ურთიერთობების გაღრმავებას ცდილობს. თუმცა აღნიშნული საკითხების მიღმა ბრიტანელები შტატებთან დაბალი სატარიფო რეჟიმის მიღწევასაც ცდილობენ. კირ სტარმერი იმედოვნებს, რომ ბრიტანული ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე მიღწეული ვერბალური დაბალტარიფიანი შეთანხმება ტრამპის ვიზიტისას საბოლოოდ გაფორმდება.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განმარტებით, ორი ქვეყნის ლიდერები ტექნოლოგიური პარტნიორობის შეთანხმებას გააფორმებენ. გარდა ამისა, ხელი მოეწერება მულტიმილიარდდოლარიან შეთანხმებებსაც პატარა ბირთვული პროექტების განსახორციელებლად, რომელთაც AI-ის მონაცემთა ცენტრებისთვის გამოიყენებენ.
„გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე მტკიცეა. მიმდინარე კვირას ამ ურთიერთობაში კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწევთ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ კირ სტარმერი პირველი მსოფლიო ლიდერი იყო, რომელმაც აშშ-სთან სატარიფო შეთანხმება გააფორმა.
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკული კომპანიები – PayPal-ი, Bank of America და სხვები დიდ ბრიტანეთში $1.69 მილიარდის მოცულობის ინვესტიციებს განახორციელებენ.