შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო უკრაინას ახალ, $1.5 მილიარდის ღირებულების დახმარების პაკეტს გაუგზავნიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების სახით $700 მილიონის გადაცემის შესახებ განაცხადა. დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივნის, დევიდ ლამის განცხადებით კი, გაერთიანებული სამეფო უკრაინას დახმარებისა და სესხის სახით $800 მილიონს გამოუყოფს.
აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავარი დიპლომატების ცნობით, აღნიშნული ფინანსური დახმარების პაკეტის გადაცემის მიზანი უკრაინის ენერგოშესაძლებლობების გაზრდაა. განსაკუთრებით კი იმის ფონზე, რომ ზამთრის სეზონის დადგომის წინ რუსეთი უკრაინულ ენერგოინფრასტრუქტურას სულ უფრო აქტიურად ანადგურებს.
მორიგი ფინანსური დახმარების შესახებ განცხადება ბლინკენმა და ლამიმ კიევში ერთობლივი ვიზიტისას გაავრცელეს. უკრაინულმა მხარემ დიპლომატებს მათი იარაღის რუსეთის სიღრმეში გამოყენების ნებართვა კიდევ ერთხელ სთხოვა. ბლინკენმა განაცხადა, რომ საკითხს აშშ-ის პრეზიდენტთან ხელახლა დააყენებს.
აღნიშნული საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთმა ბალისტიკური რაკეტები ირანისგან შეიძინა. უკრაინა ირანს დაემუქრა, რომ მათ ტერიტორიაზე ირანული რაკეტის ჩამოვარდნის შემთხვევაში, შესაბამის ზომებს მიიღებს.
შეერთებული შტატები უკრაინისთვის საკუთარი წარმოების რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების ნებართვის მიცემისაგან თავს იმ მიზეზით იკავებს, რომ აღნიშნულმა შესაძლოა ომის უფრო ფართომასშტაბიანი ესკალაცია გამოიწვიოს.