ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები შაბათ-კვირას ტარიფებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გასამართად შვეიცარიაში შეხვდებიან. ეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე სავაჭრო ომში დეესკალაციის იმედს აჩენს.
როგორც ცნობილია, შეერთებული შტატების მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის ფედერალური ხაზინის ხელმძღვანელი, სკოტ ბესენტი და ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ჯეიმისონ გრირი. ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ჰე ლიფენს შეხვდებიან. ეს იქნება მაღალი რანგის წარმომადგენლების პირველი დიალოგი მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აპრილის დასაწყისში ჩინური საქონლის იმპორტზე მაღალი ტარიფები დააწესა.
დონალდ ტრამპმა თავდაპირველად განაცხადა, რომ არ აპირებს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან საუბარს, თუმცა მოგვიანებით სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ მზად არის ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული 145%-იანი ტარიფი ეტაპობრივად შეამციროს. აშშ-ის პრეზიდენტმა აზრი კიდევ შეიცვალა და ერთი კვირის წინ, ABC News-თან ინტერვიუში, რომლის დროსაც თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველი 100 დღე შეაჯამა, ჩინეთისთვის 145%-იანი ტარიფის დაწესების გადაწყვეტილება გაამართლა და განაცხადა, მან ეს „დაიმსახურა“. „[ჩინეთი] გვატყუებდა ისე, როგორც არავის არასდროს მოუტყუებია“, – თქვა დონალდ ტრამპმა, თუმცა აღიარა, რომ 145%-იანი ტარიფი სავაჭრო ემბარგოს უდრის.
ამავდროულად, ჩინეთმა შეადგინა იმ ამერიკული პროდუქტების სია, რომელთა 125%-იანი ტარიფებისგან გათავისუფლებასაც განიხილავს.
სავაჭრო ომის კიდევ ერთ ფრონტად შესაძლოა ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტი იქცეს. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში შესაბამისი ტარიფების ოდენობაზე შეჯერდება. გარდა ამისა, ტრამპმა კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის გარეთ გადაღებულ ფილმებზე 100%-იანი ტარიფის დაწესებას განიხილავს.