აშშ და ჩინეთი ე.წ. „საპასუხო ტარიფების“ მინიმუმ 90 დღით შემცირებაზე შეთანხმდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, როგორც ამერიკული, ასევე ჩინური მხარე 125%-იანი ტარიფს 10%-მდე შეამცირებს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ძალაში დარჩა დონალდ ტრამპის მიერ ჩინური საქონლის იმპორტზე ცალკე გამოცხადებული 20%-იანი ტარიფი, რომელიც პრეზიდენტმა აშშ-ში ფენტანილის კრიზისის გაღვივებაში ჩინეთის სავარაუდო როლის მოტივით დააწესა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინურ საქონელზე მთლიანი სატარიფო განაკვეთი 145%-დან 30%-მდე შემცირდება.
მხარეებს შორის მოლაპარაკებები შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში შედგა. შეთანხმების მიღწევის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ორივე მხარე თანხმდება, რომ მათ აქვთ „საერთო ინტერესები“ და „არცერთ მხარეს არ სურს ვაჭრობის გაწყვეტა“.
აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯეიმისონ გირმა აღნიშნა, რომ გაუქმება არ ვრცელდება „მსოფლიო მასშტაბით დაწესებულ არცერთ სექტორულ ტარიფზე… ამიტომ, ზოგიერთ ჩინურ საქონელზე მაინც შედარებით მაღალი გადასახადი იმოქმედებს“.